საქართველოს პრეზიდენტი

მარგველაშვილი: გამორიცხულია, პარლამენტმა გვენეტაძეს მხარი არ დაუჭიროს

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამორიცხავს, რომ პარლამენტმა მის მიერ წარდგენილ კანდიდატს უზენაესი სასამართლოს თავმჯდიომარის პოსტზე მხარი არ დაუჭიროს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვას ნინო გვენეტაძის მიმართ დეპუტატების ნაწილის კრიტიკის გამო რამდენად შესაძლებელია კანდიდატურა ჩავარდეს, გიორგი მარგველაშვილმა უპსუხა: „მე გეკითხებით, რანაირად? მე გამოვრიცხავ ამ ვარიანტს. მაგრამ მოდით ასე ვთქვათ - თუ ჩვენ შევთანხმდით ძირითად კრიტერიუმებზე და მე წარმოგიდგენთ ამ კრიტერიუმების მიხედვით უზადო კანდიდატს, როგორი არგუმენტით შეიძლება კანდიდატი ვერ გავიდეს პარლამენტში?"

პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია „პირველივე რაუნდზე გავიდეს კანდიდატი", რათა დროულად დაიწყოს რეფორმები და სასამართლოს მიმართ ნდობა აღდგეს. „რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირველივე რაუნდზე გავიდეს კანდიდატი?! იმისთვის, რომ სასამართლოს ჰყავდეს ძლიერი მანდატის პატრონი თავმჯდომარე, იმისთვის, რომ დროზე დაიწყოს რეფორმები და სასამართლოს მიმართ ნდობის იმპულსი აღდგეს. მე არ მევალებოდა, მაგრამ მივმართე კონსულტაციისთვის პოლიტიკურ ჯგუფებს პარლამენტში და შევეკითხე რანაირი ადამიანის შერჩევა იქნებოდა თქვენთვის მისაღები.

შედეგად, ჩვენ გამოვედით 4 კრიტერიუმით, რომელთა შესახებ ყველა შეთანხმდა. ამ ღია პროცესის შედეგად, ამ 4 კრიტერიუმის საფუძველზე გავიარეთ ყველა 28 დასახელებული კანდიდატის შეხედულებები. ძალიან დიდი შრომა გაწია ჩვენმა გუნდმა შიგნით, ანუ ამ ხალხს რა ღირებულებები გააჩნია და ამ დიდი შრომის შედეგად, რომელიც განახორციელა ჩემმა გუნდმა, მივიღე გადაწყვეტილება ქალბატონი ნინოს დასახელების და შერჩევის შესახებ. მისი კანდიდატურა გამყარებულია ბევრი არგუმენტით. მე მიმაჩნია, რომ ის არის სიმბოლო მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის დაცვის. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების გზა განვლო ისე, რომ გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის სამართლიანობის სიმბოლო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კანდიდატის შერჩევის პროცესში ქართულ ოცნებაში იყო სირთულეები. „ამ პროცესში ქართულ ოცნებაში იყო სირთულეები, ამას ვერ გავექცევით. შევხვდი ნაციონალურ მოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქართულ ოცნებას... გამოვედით შეთანხმებით ამ პროცესიდან და დავადგინეთ კრიტერიუმები. არავის კრიტერიუმები არ გაუპროტესტებია. მაგრამ 10 დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით პროცესს, რომელშიც ქართული ოცნების მხიდან ღიად ეთერში მიდიოდა კრიტიკა, ინტერპრეტაცია." - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებსაც. მან პარტიის წევრებს ურჩია გადახედონ არქივს და ნახონ როგორი აღტაცებით წარადგინა მიხეილ სააკაშვილმა ნინო გვენეტაძე მოსამართლედ შევარდნაძის დროს. „ქალბატონი ნინო სააკაშვილმა და ლადო ჭანტურიამ მაშინ წარმოუდგინეს ქალბატონი ნინო საზოგადოებას და პრეზიდენტმა შევარდნაზძემ დაასახელა, იმ პერიოდში თავისი ბიოგრაფიის, რომლითაც ის კარგად ახსოვს ქართულ საზოგადოებას. მაშინ მიხეილ სააკაშვილი სწორედ იმითი იწერდა ქულეს, რომ ებრძოდა კორუფციას. მაშინდელი სააკაშვილი ახსოვს კარგად საზოგადოებას და მაშინდელ სააკაშვილს დასჭირდა გვენეტაძისნაირი თანამოაზრეები იმისთვის, რომ კორუფცია დაემარცხებინა. ნაციონალურ მოძრაობას მინდა ვთხოვო გადახედონ არქივს და ნახონ როგორი ემოციით და აღტაცებით პრეზიდენტი სააკაშვილი ებრძვის კორუფციას და იმედებს ამყარებს ქალბატონ ნინოზე. ეს იმედი სწორიც იყო, იმიტომ რომ მაშინ ქალბატონი ნინო კორუფციას ებრძოდა, ისევე როგორც მერე სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასამტკიცებლად კენჭისყრაზე მას ძალიან მაღალი ქვორუმის იმედი აქვს.

კომენტარები