გიგი უგულავას საქმე

სასამართლომ გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნინო სანდოძემ არ დააკმაყოფილა გიგი უგულავას დაცვის მხარის მოთხოვნა, აღკვეთს ღონისძიების ნაცვლად უგულავას 20000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ და თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნინო სანდოძემ გადაწყვეტილება თათბირის გარეშე მიიღო. გიგი უგულავას ადვოკატი ოთარ კახიძე პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივ დევნაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება პროცესის დაწყებამდე მიღებული ქონდა. მან ასევე დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

ბრალდების მხარე გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის დატოვებას ითხოვდა და მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან. პროკურატურა გიგი უგულავას გათავისუფლების შემთხვევაში მისი მიმალვის საფრთხეზე საუბრობდა. როგორც მერაბ ჯერენაშვილმა განაცხადა, ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა იმ მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს, რომ უგულავა 2014 წლის 3 ივლისს აეროპორტში დააკავეს, რა დროსაც ქვეყნიდან გასვლის გზით მიმალვას ცდილობდა. პროკურორის თქმით, ბრალდებულს აქვს საზღვარგარეთ კონტაქტები და, დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყნის დატოვებას შეეცდება.პროკურორების თქმით, არ არსებობდა ახალი გარემოებები, რომელიც დაამტკიცებდა, რომ გიგი უგულავა არ მიიმალებოდა ან ზეწოლას არ მოახდენდა მოწმეებზე.

გიგი უგულავას ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის 20000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლება ითხოვდნენ და შუამდგომლობაში აღნიშნეს, რომ პროკურატურას გადასცემენ გიგი უგულავას პირადობის მოწმობას და პასპორტს ქვეყნიდან გაუსვლელობის გარანტიისთვის.

უგულავას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 4 აპრილს ეწურება.

კომენტარები