საქსტატმა დღეს საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემები გაავრცელა. იანვრის თვეში ექსპორტმა $156 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით $68 მილიონით ანუ 31%-ით ნაკლებია. ყოველთვიური ექსპორტის ასეთი დაბალი მაჩვენებელი არც 2013 და არც 2014 წელს არ დაფიქსირებულა.
ექსპორტის შემცირებასთან ერთად იმპორტის მოცულობა არის გაზრდილი. სულ იანვრის თვეში საქართველოში იმპორტირებული საქონლის მოცულობამ $538 მილიონი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბალანსი მინუს $382 მილიონს შეადგენს.
უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ზოგადად ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა საქართველოს ეკონომიკისთვის მისი არსებობა დღეისათვის გარკვეულ რისკს შეიცავს, რადგანაც ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირების და საქართველოში შემოსული ინვესტიციების შემცირების გამო ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოცულობა მცირდება, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტის მოცულობას საქსტატი უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.





