მთავრობის სხდომა

პრემიერი: ენმ-მ და ალასანიას გუნდმა ჯანელიძის წინააღმდეგ კამპანია ააგორეს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთიან ნაციოანალურ მოძრაობას და ირაკლი ალასანიას გუნდს თავდაცვის მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების "შენახვა-დაწინაურება ხდებოდა" და ამ მხრივ ცვლილებები მინდია ჯანელიძემ განახორციელა. მისი შეფასებით, სწორედ ამან განაპირობა "ენმ-ის და კოალიცია ქართული ოცნების ყოფილი წევრების მხრიდან წამოსული აგრესია". 

"ის რაც ხდება ბოლო პერიოდში, არის მიზანიმართული შეტევა სამართალდამცავ ორგანოებზე. თავიდან დაიწყეს პოლიციაზე შეტევები, სპეცსამსახურებზე... შემდეგ გადავიდნენ ჯარზე უკვე. ეს არის პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ის კამპანია, რაც ააგორეს ახლა თუნდაც მინისტრი ჯანელიძის წინააღმდეგ, არის ყოვლად დაუშვებელი. დაწყებული კეზერაშვილი, ახალაია და ვინ არა, რომელი ერთი მინისტრი, მათი კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა წლების განმავლობაში. როცა თქვენ მიხვედით მინისტრად, თქვენ დაიწყეთ ამის ცვლილებები. სწორედ ამიტომ არის ამხელა აგრესია ნაციონალებისგან და ასევე, ჩვენი, უფრო ჩვენი ყოფილი კოალიციის ყოფილი წევრებისგან", - მიმართა პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს. 

თავდაცვის მინისტრის თქმით კი, "მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, განსაკუთრებით რამდენიმე ე.წ. ექსპერტი და მედიადსაშუალება აქტიურობს. სინამდვილეში, სამინისტროში პროცესები მიდის გეგმის მიხედვით. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია NATO-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცის პროცესის გადადების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ NATO-ს ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს აქტივობა იმპლემენტაციის კუთხით ფასდება როგორც უპრეცედენტო. ამ ფონზე, როცა გამოდიან და ამბობენ, რომ NATO-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი რაღაცნაირად უნდა გადაიდოს, ეს ყოვლად გაუგებარია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

კომენტარები