ლუდზე აქციზის ზრდა

ლუდის მწარმოებელი კომპანიები აქციზის ზრდაზე პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

ქართული ლუდის მწარმოებელი კომპანიები აქციზის ზრდის საკითხზე პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. "არ გამიძვირო ლუდი!" - ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, "ზედაზენის" კომერციულმა დირექტორმა კახა პაიჭაძემ და "კასტელ საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ლევან ზაუტაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს.

ლუდის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებით, აღნიშული ცვლილება და ცვლილებებისთვის გამოყოფილი არაგონივრული ვადა მათ ბიზნესს ძლიერ დააზარალებს. მათივე თქმით, რეალურად, საქართველოს მთავრობამ ცვლილებების შესახებ მაშინ მიმართა პარლამენტს, როდესაც ლუდის მწარმოებლების უმეტესობას 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა თითქმის დასრულებული ჰქონდა.

"ეს დარგი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ჩვენი ინტერესები იყოს განხილული პრემიერმინისტრის დონეზე და არ შეეწიროს დარგის პერსპექტივები მოკლევადიან წინადადებებს", - განაცხადა კომპანია "ზედაზენის" კომერციულმა დირექტორმა კახა პაიჭაძემ.

კომენტარები