პარლამენტის საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. დეპუტატები ოცდახუთ კანონპროექტს განიხილავენ, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონპროექტებს.
დღესვე დეპუტატები იმსჯელებენ საზოგადოებრი ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულთა საურავისგან გათავისუფლებაზე. გარდა ამისა, განსახილველ საკითხებს შორის არის "საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ" და "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანაც.
საპარლამენტო უმრავლესობა დღეს განსახილველ საკითხებს შორის გამოყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს, რომელიც ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებულ პრევენციულ ნორმებს ეხება.
დღევანდელ ბიუროს სხდომას ესწრება საპარლამენტო უმცირესობაც, რომელიც თბილისში პარლამენტის მუშაობას არალეგიტიმურად მიიჩნევს. თუმცა, სერგო რატიანის განცხადებით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია განსახილველი.
„არალეგიტიმურად მიგვაჩნია თბილისში პარლამენტის მუშაობა, თუმცა ამჯერად ძალიან მნიშვნელოვანი თემებია განსახილველი. პირველ რიგში - დასაჩქარებელია საყდრისთან დაკავშირებული კომისიის შექმნა და სწორედ ამ საკითხის დაყენებას ვაპირებ. დებატები უნდა გაიმართოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და ასევე რეზოლუცია, რომელიც ეხება ეკონომიკას, რადგან დღეს უკვე ცხადია, რომ ეკონომიკა არის მძიმე მდგომარეობაში. ქვეყანა ამ მიმართულებით კრიზისშია შესული“, - განაცხადა რატიანმა.
საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომები მიმდინარე კვირას გაიმართება.





