იური ვაზაგაშვილის საქმე

წულუკიანი: ჩვენი ხელისუფლების პერიოდში სიმართლის გარკვევა ძალიან გაიწელა

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სიმართლის გარკვევა ძალიან გაიწელა და ამ ფაქტის დაფიქსირებას ობიექტურობა მოითხოვს.

"პირველ რიგში მივუსამძიმრებ იური ვაზაგაშვილის მეუღლეს. ეს არის ქალბატონი, რომელმაც ბოლო წლების მანძილზე ტრაგედია ტრაგედიაზე გადაიტანა. წინა ხელისუფლების პირობებში იყო პრაქტიკულად მუდმივად იმის მოლოდინში, რომ სიმართლე გაირკვეოდა და ასე იყო ის მოლოდინში ჩვენი ხელისუფლების დროსაც. ეს მოლოდინი უნდა დასრულდეს. ეს მოლოდინი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, პირდაპირ უნდა ითქვას, ობიექტურობა ამას მოითხოვს, რომ ძალიან გაიწელა და ეს ასე ვეღარ გაგრძელდება. ეს არის ფაქტი. ამას მე ვამბობ არა იმიტომ, რომ ბატონი იური დღეს ჩვენთან აღარ არის, არამედ ეს არის დიდი ხნის ფაქტი", - თქვა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

წულუკიანისვე თქმით, სანამ იუსტიციის მინისტრს ჰქონდა საპროკურორო  უფლებამოსილება, იური ვაზაგაშვილის შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება დაიძრა, მას შემდეგ კი, რაც პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს გამოეყო, კბილაშვილისა და მისი პირველი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის დროს ამ საქმეზე ახალი დიდი არაფერი გარკვეულა და ამის მიზეზებს მათ თავად უნდა გასცენ პასუხი.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება ბოლო კვირების მანძილზე თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი იური ვაზაგაშვილის პროკურატურასთან აქტიური თანამშრომლობის წყალობით.

შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე დღეს დაიღუპა. ადვოკატის და ახლობლების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქებამ იმსხვერპლა. პროკურატურამ გამოძიება სს კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები