საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2014 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 5 493 492 შეადგინა, რაც 2013 წლის მაჩვენებელს 1,88%-ით აღემატება. 2013 წელს ტურისტული ნაკადის ზრდამ 22% შეადგინა, რაც ტურიზმის წლევანდელ ზრდას 11,7-ჯერ აღემატება.
განვლილ წლებთან შედარებით ვიზიტორთა ნაკადის ზრდის დინამიკა შენელებულია, მეტიც, ტურიზმის ზრდა 2014 წელს ყველაზე მცირეა იმ მონაცემებს შორის, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აღურიცხავს. მაგალითად, 2010 წელს 2009 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 35%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2011 წელს წინა წელთან შედარებით ზრდა 39%-ს შეადგენდა. 2012 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ 57% შეადგინა, 2013 წელს - 22%, ხოლო 2014 წელს ზრდა მხოლოდ 1,88% იყო.
ტურიზმი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 6-7%-ს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $750-ს უტოლდება. ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების წლიურ მაჩვენებელს რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.
2014 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. სულ თურქეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 1 435 822 იყო, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. სომხეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი 2%-ით არის გაზრდილი და 1 321 500-ს შეადგენს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით არის გაზრდილი და 1 282 222-ს შეადგენს. ვიზიტორების წარმოშობის მიხედვით პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და უკრაინა.
წელს ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი ივლის-სექტემბრის მონაკვეთში დაფიქსირდა, როდესაც თვეში საშუალოდ 650 ათასი უცხოელი ვიზიტორი შემოდიოდა.
საქართველოში ტურისტების 86% სახმელეთო გზით შემოვიდა, ხოლო საჰაერო ტრანსპორტით - 12%. სარკინიგზო ტრანსპორტით უცხოელ ვიზიტორთა მხოლოდ ერთი პროცენტია შემოსული.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სარკინიგზო ტრანსპორტს საშუალება აქვს, წელიწადში 3,2 მილიონი ვიზიტორი გაატაროს, რისი მნიშვნელოვანი ნაწილიც დღეისათვის ათვისებული არ არის.





