ქრთამის აღების ფაქტზე შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დააკავა.
მოქალაქეებისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები: გიორგი კაკაბაძე და ლია ქიქავა. აგრეთვე, ამავე სამინისტროს ლაბორატორიის ბათუმის საველე სადგურის უფროსი თამარ ჭკუასელი. ისინი ერთმანეთთან და შპს ფუმიგატორის ხელმძღვანელთან, ირაკლი ზაქარაძესთან ერთად, თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილებების სანაცვლოდ ოფიციალური გადასახადების გარდა, მოქალაქეებს ქრთამის სახით დამატებით თანხებს სძალავდნენ.
უწყების ინფორმაციით, საექსპორტოდ გასატანი თივის შესამოწმებლად სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონულ სამმართველოში მისულ მოქალაქეს ამავე სააგენტოს თანამშრომელმა გიორგი კაკაბაძემ ფიტო-სანიტარული სერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ ოფიციალური გადასახადის გარდა ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 325 ლარი, ამასთანავე, აღნიშნული მოქალაქე დააკავშირა ამავე სააგენტოს თანამშრომელს ლია ქიქავას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ბათუმის საველე სადგურის უფროსს თამარ ჭკუასელს და შპს ფუმიგატორის ხელმძღვანელს ირაკლი ზაქარაძეს, რის შემდეგაც ლია ქიქავამ ვეტერინარული ექსპორტის სერტიფიკატის გაცემის სანაცვლოდ, სამსახურის ანგარიშზე კანონით დადგენილი გადასახადის შეტანის გარდა, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 150 ლარი; თამარ ჭკუასელმა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგის გაცემის სანაცვლოდ, სამსახურის ანგარიშზე კანონით დადგენილი გადასახადის შეტანის გარდა, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 150 ლარი; ირაკლი ზაქარაძემ კი ფუმიგაციის მომსახურებასთან დაკავშირებით ყალბი მოწმობა დაუმზადა“.
ოთხივე ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და ჯგუფურად ჩადენილი ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





