საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მისი უწყების ორწლიანი მუშაობა შეაჯამა. მინისტრმა ნახევარსაათიან გამოსვლაში სისტემური საკანონმდებლო რეფორმების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სახელმწიფო მომსახურების გაუმჯობესების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით ორი წლის მანძილზე შემუშავდა და პარლამენტში გადაიგზავნა 158 კანონპროექი, გაიხსნა 10 საზოგადოებრივი ცენტრი და დაპროექტდა 4 ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობა. სამინისტროს მიერ მომავალი წლის გეგმაში გათვალისწინებულია 3 იუსტიციის სახლის გახსნა, ყაზბეგში, თიანეთსა და ბორჯომში და ასევე 3 ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობა ლაგოდეხში, მცხეთასა და ონში. მინისტრმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მადლობა გადაუხადა, რომ ის მრევლს სწორ ინფორმაციას აწვდიდა ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით.
იუსტიციის მინისტრმა ანტიდისკრიმინაციული კანონიც ახსენა, მისი თქმით კანონის სახეცვლილი ფორმით მიიღეს, თუმცა მას ის პროცესად წარმოუდგენია, რომ არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო სივრცეშიც აღიკვეთოს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია.
მინისტრმა აქცენტი დასვა იმაზე, რომ ქალები და კაცები, დედები და უშვილოები, ფეხმძიმეები და არა ფეხმძიმეები, კერძო დამსაქმებელმა არ უნდა გაარჩიოს. იმ ნიშნებს შორის, რომლის მიხედვითაც მან ასევე გამოყო - კანის ფერი, სოციალური სტატუსი, ქონება და სიმაღლეა. თუმცა წულუკიანს არ უხსენებია ორი უმთავრესო პრობლემა, ისლამოფობია და ჰომოფობია. სწორედ ჰომოფობიური და ისლამოფობიური დანაშაულებების ჩამდენთა ეფექტურ გასამართლებასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლისკენ მოუწოდებდა ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას. ამასთან დაკავშირებით დასმულ ტაბულას კითხვას მინისტრმა წულუკიანმა არ უპასუხა.
შესაძლოა სწორედ კონკრეტული პრობლემის უზოგადესად გამოცხადებაში იყოს პასუხი, რატომ რჩება დღემდე მოუგვარებელ პრობლემად სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, რატომ ვიღებთ ნიგვზიანის შემდეგ წინწყაროს, შემდეგ სამთაწყაროს, შემდეგ ჭელას, შემდეგ ქობულეთსა და ბოლოს მოხეს ისლამოფობიურ მოვლენებს. შესაძლოა სწორედ ეს იყოს პასუხი კითხვაზე, რატომ დასდევენ ქალაქის ქუჩებში ადამიანებს სექსუალური ორიენტაციის გამო და რატომ კლავენ და შემდეგ წვამენ ტრანსგენდერს ქალაქის ცენტრში. იმიტომ, რომ ჩვენ უბრალოდ შემდეგი კითხვა გვაინტერესებს.




