ირაკლი ღარიბაშვილი სოფლის მეურნეობაზე

ღარიბაშვილი: სოფლის მეურნეობაში გადადგმული ნაბიჯები წარმატებულია

facebook.com/GaribashviliOfficial

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა წარმატებულ შედეგებამდე მიგვიყვანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ახალი საწარმოების გაჩენას ხელს უწყობს და მომავალშიც შეუწყობს.

"ჩვენ თანამიმდევრულად ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი საწარმოების გაჩენას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ექსპორტის გაზრდას. ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ დავიწყეთ შეღავათიანი აგროკრედიტისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტების განხორციელება. ეს პროექტები წარმატებით მიმდინარეობს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში უკვე 670 მილიონი ლარის 25 ათას 241 სესხი გაიცა. დაფინანსდა 89 ახალი საწარმო და მათგან უკვე გახსნილია 86, გაფართოვდა და გადაიარაღდა 580. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 35 დარგი დავაფინანსეთ. მათ შორის არის ღვინის წარმოება, მესაქონლეობა-მეფრინველეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობა, თხილის, რძის გადამუშავება, პროდუქციის შესანახი საწყობები, მარცვლეულის საშრობები", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტზე და განაცხადა, რომ უკვე დამტკიცდა 16 პროექტი და აქედან 11 ბიზნესპროექტის განხორციელება უკვე დაიწყო. პროექტების ჯამური ინვესტიცია კი 22 მილიონ ლარზე მეტია.

"ჩვენ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. ეს არის პროექტი "აწარმოე საქართველოში", რომელზეც ჩვენ ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ. ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩვენ გვაძლევს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარების დიდ შესაძლებლობებს და იძლევა იმის საშუალებას, რომ გაიზარდოს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. ჩვენ გაგვიჩნდა რეალური შესაძლებლობები იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს ჩვენი პროდუქცია. ჩვენ უკვე დავაფინანსეთ პროექტები, რომლებიც მეცხოველეობა-მეფრინველეობის, ზღვის პროდუქტების გადამუშავების, სასათბურე მეურნეობის განვითარების კუთხით ძალიან პერსპექტიულია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აგროკრედიტის პროგრამის დახმარებით ფერმერებს სრულიად სხვა შესაძლებლობები გაუჩნდათ - მათთვის გაცილებით ადვილად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსები. ღარიბაშვილის განცხადებით, სამივე პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 105 საწარმო. მისივე თქმით, მთავრობის ხელშეწყობით დაფინანსებულ საწარმოებში დასაქმებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი.

„მე მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უშუალოდ იგრძნობს იმ სიკეთეს, რასაც სოფლის მეურნეობის განვითარება მოუტანს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები