დაკავება

შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა, 1965 წელს დაბადებული, წარსულში თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ნასამართლევი ელმან გ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ანარ გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში დააკავეს.

"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას გაეჩერებინათ ავტომანქანა, მამა-შვილი – ელმან გ. და ანარ გ. არ დაემორჩილნენ. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, არ გააჩერეს ავტომობილი და მიმალვა სცადეს, რა დროსაც პოლიციის თანამშრომელის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს შეეჯახნენ.

სამართალდამცველებმა დაკავებულების და ასევე მათი ნათესავის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას სისტემატურად ახდენდნენ", - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, სხვისი ნივთის დაზიანების და ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები