ფარული მიყურადება

გოგორიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ჩვენთვის მიუღებელია, რომ სერვერი შსს-ში რჩება

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ხათუნა გოგორიშვილის შეფასებით, მოსმენებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, სერვერი შსს-დან გამოვიდეს. მისი თქმით, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტით, სერვერი შსს-შია და პრეზიდენტის ვეტოთიც იქ რჩება.

"ჩვენთვის, რაც იყო მიუღებელი, გახლავთ ის, რომ სერვერი, მარტივად რომ ვთქვათ, ის შავი ყუთი, რომელიც ყველაფერს ამას არეგულირებს, როგორც ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტით, ამ ვეტოთიც ისევ შსს-ში რჩება. ეს არის ჩვენთვის მთავარი ძალიან მიუღებელი პრინციპი, რაზეც ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ განვაცხდეთ მე და ჩემმა კოლეგებმა. სამწუხაროდ, პრეზიდენტის ვეტო არ ითვალისწინებს ამ სერვერის შსს-დან გამოტანას.

ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე ცუდსა და უარესს შორის. ეს არის რეალობა. ამ ვარიანტით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო გაიზიარა, რასაც საკმაოდ დაბალი ალბათობა აქვს, საზოგადოება დამოკიდებული იქნება შსს-ს კეთილსინდისიერებაზე. ბოლო 2 წლის გამოცდილება ნამდვილად არ გვაძლევს იმის იმედს, რომ წესიერად და კანონიერად მოიქცევიან", - თქვა გოგორიშვილმა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენებზე ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დღეს დაადო. მან შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

ხვალ, პარლამენტში 10:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ჩატარდება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტს და მის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს განიხილავენ, პლენარული სხდომა კი 11:30-ზე გაიმართება.

კომენტარები