აფხაზეთის რკინიგზა

სურკოვი: თბილისი აფხაზეთზე რკინიგზის გახსნის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა

surkov.livejournal.com

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი მიიჩნევს, რომ საქართველო აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის წინააღმდეგი არ იქნება.

„თბილისი ამ გზის (გახსნის) წინააღმდეგ არასოდეს ყოფილა", - განუცხადა სურკოვმა რუსულ გამოცემა კომერსანტს სოჭში, სადაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას ესწრებოდა.

ამავე დროს, სურკოვის განმარტებით, მას პირადად აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია.

24 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს მხარი დაუჭირა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით.

„მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია, სხვა პარტნიორებთან ერთად მოვიფიქროთ და, საერთო თანხმობის შემთხვევაში, განვახორციელოთ ისეთი პროექტი, როგორიცაა სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმსა და თბილისს შორის", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

მისი თქმით, ასეთი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებას ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის.

კომენტარები