აფხაზეთის ანექსია

ზაქარეიშვილი: ანექსიამდე ჯერ კიდევ შორს არის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, "რუსეთი გრძნობდა, რომ კარგავდა აფხაზეთს და იძულებული იყო, საჯარო და ღია აგრესიაზე გადასულიყო უკვე ანექსიის ნიშნებით, თუმცა ანექსიამდე ჯერ კიდევ შორს არის". ზაქარეიშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გუშინ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ურთიერთობების დალაგების მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მითვისებას".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინტეგრაციის და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი გუშინ, სოჭში მოაწერეს. პუტინმა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდაზე ისაუბრა.

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ჩვენ შევქმენით წარმატებული ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზა. ამასთან, აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეკონომიკური განვითარებისთვის უკეთესი პირობები შეიქმნას, ასევე იმისთვის, რომ გარანტირებული იყოს აფხაზეთის უსაფრთხოება და, რაც მთავარია - გადავჭრათ უმთავრესი საკითხი, გავაუმჯობესოთ ადამიანთა ცხოვრება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"დღეს ჩვენ ახალ ფაზაში შევდივართ. შეთანხმებაზე ხელის მოწერით, ჩვენ გავზრდით იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ეხება როგორც უსაფრთხოებას, ასევე აფხაზეთის სოციო-ეკონომიკური განვითარების საკითხებს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული დახმარება ჩვენი სახელმწიფოსთვის რეალურად სასარგებლო იქნება", - თქვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის მხრიდან გაიზრდება აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარება, შეიქმნება საერთო შეიარაღებული ძალები, ასევე ერთი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოები საუკუპაციო ხაზზე, რაც მის ენგურამდე გადმოწევას გულისხმობს. საოკუპაციო ხაზს თანაბრად გააკონტროლებს როგორც აფხაზური, ასევე რუსული მხარე. ევრაზიული კავშირის კანონმდებლობის შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საბაჟოც. რუსეთი, თავის მხრივ, აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივების ვალდებულებას იღებს. დოკუმენტი 10 წლის ვადით იდება, თუმცა 5-წლიანი პერიოდებით გახანგრძლივების საშუალებას იძლევა.

კომენტარები