პარლამენტის ნდობის ჯგუფი სხდომას დღეს გამართავს. შეხვედრაზე განიხილავენ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური ანგარიშების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს. გარდა ამისა, განხილვის თემა იქნება თავდაცვის სამინისტროსა და "სილქნეტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები. სხდომას გენერალური აუდიტორიც დაესწრება.
ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ჯგუფის კიდევ ერთი სხდომა ჩატარდება დეკემბერში. მისი განმარტებით, სექტემბრის ბოლოს ყველა უწყებას მიმართა და საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებული მასალები გამოითხოვა. სესიაშვილის ცნობით, მასალები გაანალიზდება, დამუშავდება და განხილვისთვის ნდობის ჯგუფს, სავარაუდოდ, დეკემბერში წარედგინება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შესახებ მასალები უკვე გადაუგზავნა. მასალები თავდაცვის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება.





