ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი კულისებიდან მართვაზე: ირაკლი რაც დრო გადის ნაკლებს მაწუხებს

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა მოამბეში სტუმრობისას, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას იმეორებს, რომ ის კულისებიდან მართავს ქვეყანას. ექსპრემიერის თქმით პრეზიდენტის ეს განცხადებები უპასუხისმგებლოა და შეურაცხყოფს როგორც მას, ისე მთელ მთავრობას. ივანიშვილი აცხადებს, რომ ის ყოფილი ლიდერია, რომელიც რჩევებს აძლევს ახალ ხელისუფლებას.

„რას ნიშნავს კულისებიდან ვმართავ?! ნაცები როცა აკეთებენ ამ განცხადებას, გასაგებია და აღარ ვპასუხობ. ისინი ამბობენ, რასაც გინდა. მაგრამ პოლიტიკოსი, რომელსაც თავის სიტყვებზე არგუმენტები უნდა ჰქონდეს და პასუხი უნდა აგოს, რას ნიშნავს, რომ ივანიშვილი კულისებიდან მართავს?!

პრეზიდენტი როცა აცხადებს ამას, თუ მას საკუთარ სიტყვებზე პასუხისგება შეუძლია, - ჯერ ირაკლი ღარიბაშვილი არ იმსახურებს, რომ ის კულისებიდან იმართებოდეს. ეს არის აბსოლუტურად ეფექტური მინისტრი, რომელიც დღე და ღამე მუშაობს. მერე შეუძლებელია მთავრობის კულისებიდან მართვა, ვისაც წარმოდგენა აქვს საერთოდ მართვაზე, წარმოუდგენელია.

6 თვე ურეკში ვიჯექი მე, ერთხელ ვნახე მარტო ღარიბაშვილი. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოიმართოს. მერე მე როგორ შეურაცხყოფას მაყენებენ. ნაცებს მე პასუხს არ ვცემ ეგენი უკვე ლანძღვაზე გადავიდნენ. როგორ წარმოგიდგენიათ მე, ჩემი ბიოგრაფიით, ჩემი წარსულით, გნებავთ უახლოესი წარსულით, მოვედი, შეუძლებელი რაც ეგონათ ნაციონალურ მოძრაობას და მთელ მსოფლიოს, გავაკეთეთ და ამაში ჩემი წვლილი იყო საკმარისი და განცხადებები გავაკეთე, რომ მოვალ, დავალაგებ და წავალ. იმიტომ, რომ მე პოლიტიკაში ყოფნის სურვილი არ მაქვს და სხვა რამეს გავაკეთებ.

ყველაფერი თანხვედრაში მოვიდა. ყველაფერი გავაკეთე ისე, როგორც ვთქვი. თუ მინდოდა პოლიტიკაში ყოფნა და მართვა, ვინ მიშლიდა ხელს. მესმის, რომ კულისებიდან შეიძლება მართოს იმ კაცს, ვისაც ლეგიტიმური უფლებები არ ჰქონდა ამის. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არის. ვიღაც ანალიტიკოსებმა რომელიღაც ტელეკომპანიებში თქვეს, რომ უამრავი პრეცედენტი იყო, მაგრამ ვერც ერთი მე პირადად ვერ ვნახე. მოვედი, ყველაზე რთული მომენტები დავალაგე და თანამდებობის პიკში წავედი პოლიტიკიდან. საიდან უნდა მქონდეს ნორმალურ ადამიანს, საღად მოაზროვნე ადამიანს იმის განცდა, რომ კულისებიდან ვმართავ.

გარდა ნაცებისა. ყველა ბერკეტი მქონდა, ყველა უფლება ლიგიტიმური, რომ მემართა და მართვაც შემიძლია. რატომ უნდა გაუჩნდეს ასეთი კითხვები ვინმეს. ნაცებს არ ვცემდი პასუხს, მაგრამ პრეზიდენტს პასუხს ვცემ. შეურაცყოფაა მთავრობისადმი, შეურაცხყოფაა ჩემდამი. აბსოლუტურად უსაფუძვლო და უარგუმენტო. ყოფილმა პოლიტიკოსმა შეიძლება მისცეს რჩევა ყველგან მთელ მსოფლიოში. დამალული არაფერი არ არის, არც მე ვმალავ და არც ირაკლი. ირაკლი რაც დრო გადის, ნაკლებს მაწუხებს და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. თუ თვეში ერთხელ მირეკავდა ან კვირაში ერთხელ, შეიძლება ორი თვე გავიდეს არ დამირეკოს.

და ნორმალური პროცესია. ეს განცდა მოდის მხოლოდ ნაცებიდან. ეს არის ჩემთვის ცუდი, რომ პრეზიდენტი ხშირად თავისი განცხადებებით, თავისი პოზიციით, ერთი-ერთზე ემთხვევა ნაციონალურ მოძრაობას. მე არ მაქვს დიდი ეჭვი, რომ ესენი ერთად არიან, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ვის წინაარმდეგ მეგობრობთ"? - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები