მძევლად ჩაგდება

საყვარელიძე: მთავრობა საკუთარ უსუსურობას პოლიტიკურ ოპოზიციას აბრალებს

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის შეფასებით, "ჩვენი სახელმწიფოს მთავრობა და პირველი პირები მიჩვეულები იყვნენ და არიან უკადრებლის კადრებას". ის 19 წლის იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეზე პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა  და აღნიშნა, რომ ხელისუფლება "საკუთარ უსუსურობას პოლიტიკურ ოპოზიციას აბრალებს". ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გიორხელიძის მძევლად ჩაგდების საქმის უკან დგას ორგანიზებული ძალა და მას დარჩა შთაბეჭდილება, "რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა".

დავით საყვარელიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ "ამ უკადრებელის კადრება და დაბრალება დაიწყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როცა ბინძურად და უპასუხისმგებლოდ დააბრალეს საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტს ჩვილის მკვლელობა". მისი განცხადებით, "იმის ნაცვლად, რომ აქედან გამოეტანათ დასკვნები და მათთვის ყოფილიყო გაკვეთილი, სამწუხაროდ, განაგრძეს და განაგრძობენ უპასუხისმგებლო და ბინძურ პოლიტიკას".

"საკუთარ უსუსურობას აბრალებენ პოლიტიკურ ოპოზიციას. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ასეთი ადამიანები ნამდვილად იქნებოდნენ გარეული ამ უბედურებასა და ტრაგედიაში და მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში, ვინაიდან დღეს ეს ადამიანები საკუთარ უსუსურობას - ქვეყანაში დაგროვილ სოციალურ პრობლემებს, გაზრდილ კრიმინალს, უმუშევრობას, უბინაობას დღესაც აბრალებენ პოლიტიკურ ოპოზიციას. იმის ნაცვლად, რომ დაკავდნენ კონკრეტულად ამ პრობლემების მოგვარებაში, დაელაპარაკონ ამ ხალხს, გაარკვიონ, რატომ არის ქვეყანაში ასეთი მძიმე ფონი... არა, მათი დღევანდელი გამოსავალიც არის იგივე, რაც ჩაიდინეს და რაც იკადრეს ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის პოლიტიკურ ოპონენტზე დაბრალებით. პოლიტიკა ზოგჯერ უძლურია და ფსიქიატრიული ჩარევა და მედიცინა უფრო ეფექტური იქნება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები არიან საქართველოს ხელისუფლებაში და მათ ევალებათ სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, კრიმინალთან ბრძოლა და წლებია უკვე, ადამიანის გატაცების ფაქტი არ დაფიქსირებულა, ამის მაგივრად რას ვიღებთ პასუხად? იმას, რომ "ყველაფერში დამნაშავე ნაციონალები არიან" - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხი ადამიანი ანგარებით, ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავა. მათი ინფორმაციით, ბრალდებულებმა იოსებ გიორხელიძე 10 ოქტომბერს, იარაღის მუქარით სახლიდან გაიტაცეს. შსს-ს ცნობით, გამტაცებლები იმავე დღეს დაუკავშირდნენ რამინ გიორხელიძეს და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ 300 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

აღნიშნული "გონივრული ეჭვით" ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ნაციონალური მოძრაობა წინასწარდაგეგმილი დანაშაულებით ცდილობდეს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოსდა დანაშაულმა იმატა. 

კომენტარები