კრიზისი უკრაინაში

პეტრო პოროშენკო ვლადიმირ პუტინს შეხვდება

პეტრო პოროშენკო და ვლდიმერ პუტინი
კრისტოფ ენა / AP

უკრაინის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვაში პირობა დადო, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს დღეებში სრულად ამოქმედდება. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ყველაფერი მზადაა ეუთო-ს მიერ კონფლიქტის ზონაში და უკრაინა-რუსეთის საზღვარზე მონიტორინგის დასაწყებად. უკრაინის პრეზიდენტი მომავალ კვირაში კონფლიქტის მოგვარების საკითხს რუს კოლეგასთან განიხილავს. გუშინვე პოროშენკომ თანამდებობიდან უკრაინის თავდაცვის მინისტრი გაათავისუფლა.

"მომავალ კვირაში მილანში მივემგზავრები, სადაც ორმხრივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება სამშვიდობო შეთანხმების შესრულების შესახებ. იქ ჩემი პუტინთან შეხვედრა უნდა შედგეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით. ილუზიები არ მაქვს, ეს რთული მოლაპარაკება იქნება. ამისთვის მზად ვარ. ჩემი მიზანი ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი ტერიტორული მთლიანობა და საზღვრების ხელშეუხებლობაა", - აცხადებს პოროშენკო.

პარალელურად, რუსეთს საკუთარი ჯარები უკრაინის საზღვრებიდან გაჰყავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გეგმიური მანევრები როსტოვის ოლქში დასრულებულია და ნაწილების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნება დაწყებულია. ამავე დროს, უკრაინული წყაროების ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ყირიმში გაწვრთნილი დაქირავებულების ახალი ნაკადი, ასევე საბრძოლო მასალებით დატვირთული კოლონები შემოვიდა.

კომენტარები