სამშენებლო კომპანია დომინუსის დირექტორს გელა გურულს და მასთან ერთად ბრალდებულ გიორგი პირველაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. მათ გირაოდ 50-50 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.
"იმის მიუხედავად, რომ არსებობდა საპროცესო დარღვევები, ეს სასამართლომ არსებით დარღვევად არ ჩათვალა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე გირაოს სახით განისაზღვრა გარკვეული თანახა, ეს სასამართლოს მხრიდან შუალედურ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია. ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და იმედი მაქვს, გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია დომინუსის დირექტორი გელა გურული 9 ოქტომბერს დააკავა. მას ილია კოკაია საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის სტადიონის ბაზის მშენებლობისას თანხების მითვისებას ედავება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო FOR.GE-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გელა გურული ამბობდა, რომ ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, ლევან მიქაბერიძე, მისგან კოკაიასა და კაპანაძის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის გატანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებოდა. საქმე ეხება ზესტაფონში წიდის მომპოვებელ კომპანიაში გურულის 50-პროცენტიან წილს, რომელიც, მისივე მტკიცებით, ილია კოკაიამ და გიორგი კაპანაძემ 2005 წელს წაართვეს, 2012 წელს კი, გასაჩივრების შემდეგ, საქმე მოიგო. გიორგი კაპანაძე, ზედმეტსახელად რიჟა, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის მთავარი მოწმეა. გელა გურულის დაკავებას გიგი უგულავას საქმეს უკავშირებენ ყოფილი მერის ადვოკატები.
თავის მხრივ, გურულის დაკავებასა და გიგი უგულავას საქმეს შორის კავშირს უარყოფენ თავად ილია კოკაია და გიორგი კაპანაძე. მათი მტკიცებით, წიდის 50-პროცენტიანი სადავო წილი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა ის გელა გურულის სახელზე ჰქონდათ გაფორმებული.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 ივნისს გიგი უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი დააკავეს. მას ბრალად ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედება. საქმეში გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილიც ფიგურირებენ. ღონიაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას ინფორმაციით, საქმეში მთავარი მტკიცებულება ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის, იგივე რიჟას ჩვენება ფალსიფიცირებული იყო. აღნიშნული მტკიცებულების შესახებ გიორგი კაპანაძემ ღონიაშვილის დაკავებიდან დაახლოებით ერთ კვირაში ტელეიმედის ეთერში ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ღონიაშვილს მის გამოსავლენად ის თავად ეხმარებოდა და ფარული კამერითაც იწერდა.





