საუბარი რელიგიაზე

ტროის ღორი და კრავთა დუმილი

სანამ დეპუტატი გოგუაძე ადამიანის უფლებების შესახებ მორიგი ლექციით გულებს გაგვითბობს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს თანაგუნდელებს, არ დაემსგავსონ ნირწახდენილ ნაციონალურ მოძრაობას, მეც შემოგთავაზებთ ორიოდ სიტყვას.

1-ლ ოქტომბერს გადაცემა საუბარი რელიგიაზე ეთერში დაბრუნდება. ერთი წლის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოვიდა დრო, უმცირესობათა ხმა საზოგადოებამდე მისულიყო არა მხოლოდ ცუდი ქართულით დაწერილი ანგარიშების მეშვეობით, არა მხოლოდ უმცირესობათა კარგად დავარცხნილი აქტორების ბრტყელ-ბრტყელი და ხშირად გაუბედავი სინქრონებით - ვულკანის ამოფრქვევის ალბათობით, აქა-იქ რომ გაიპარება ხოლმე ჩვენი სატელევიზიო ბადის მეასე სიუჟეტად, ისიც, უვიცი ჟურნალისტის მიერ უმოწყალოდ დაჩეხილი - არამედ უშუალოდ მათგან, ვისზეც ძალადობენ, ვისაც შეურაცხყოფენ და გმობენ.

სეზონის დასაწყისშივე აღმოვაჩინეთ, რომ ბაბუას ადიგენის რაიონის სოფელ ჭელიდან, უკეთ შეუძლია გადმოსცეს დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის მთელი დრამატიზმი, ვიდრე მე, ან ნებისმიერ სხვას, რომელმაც მომხდარ ისლამოფობიურ ფაქტთან დაკავშირებით ათი ბლოგპოსტი და სამი რეპორტი დაწერა.

მიზეზი მარტივია - გაბრაზებული ბაბუა, რომელსაც ხელისუფლებამ დღისით-მზისით მინარეთი მოჰპარა, რობოტს არ ჰგავს. მას შეუძლია საზოგადოების რეცეპტორებს შეეხოს. ამისთვის კი ის ვინმემ უნდა იპოვოს და ტრიბუნა მისცეს. ამპარტავნებაზე გამარჯვება სატელევიზიო კომენტატორების ჩაკეტილი წრის გარღვევაშიც მოგვეხმარება და ეთერს უფრო მეტად დააახლოებს მედიის მთავარ მიზანთან - დაეხმაროს საზოგადოებას კონტროლში.

მომავალი სეზონიდან ჩვენ შევეცდებით ამოვატრიალოთ პარადიგმა და გაჩვენოთ ის, რასაც წლების განმავლობაში სატელევიზიო ცენზურა თუ არაპროფესიონალი მედია არ გაჩვენებდათ. ჩვენი რესურსი მართალია შეზღუდულია, მაგრამ ამბობენ, რომ ხანდახან მას შეუზღუდავი ენთუზიაზმი წარმატებით ანაცვლებს.

ვფიქრობ, სწორედ იმიტომ, რომ ვიყავით ტოტალურად არაინფორმირებულები - შევაჩვიეთ შეურაცხყოფას ყური და ძალადობას გვერდები. ხშირად, facebook-ზე რომელიღაც დეპუტატის მიერ საღი აზრის სასარგებლოდ წაფხაკუნება ქვეყანაში ახლადგაჩენილ ლიბერალურ დისკურსად გვეჩვენებოდა და უპასუხისმგებლო გულზე ოპტიმისტურ მალამოდ გვედებოდა.

მაგრამ ქობულეთელი მუსლიმების კუთვნილ პანსიონზე ღორის თავის მიჭედების ხმამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ შეუწყნარებლობა ღრმაა და ის ჩვენს ქუჩებში ჩაქუჩით დადის. კარგმა დეპუტატმა კი კანონმორჩილ მოქალაქეს კვლავ ცუდი მეგობრები არჩია.

მჯერა, რომ ვინც ფულს აგროვებს გოჭის საყიდლად, რომ შემდეგ მედრესეს ეზოში დაკლას და თავი პროპორციულად მიაჭედოს კარზე, საკუთარი მოტივების სერიოზულობის სჯერა და შორს წასვლა შეუძლია. ამის შემდეგ კი არსებობს ერთადერთი კითხვა: რამდენად შორს შეგვიძლია წავიდეთ ჩვენ? რამდენი ტალახის გუნდის ატანა შეგვიძლია თავისუფლებისთვის, ერთის, ორის, ათის? თუ ფაშისტებს შეუძლიათ საკუთარ სიბნელეს ცერბერივით უდარაჯონ, რასაც ახლა ქობულეთში ვაკვირდებით, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ ვიდგეთ ისტორიის ნათელ მხარეს?

მორალური უპირატესობის განცდის მოპოვება შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ სიძულვილით ტანჯული ადამიანის ხმა ყურში იმავე ტონალობით ჩაგვესმის, რა ტონალობაშიც პროკურატურის გაუწვრთნელი სპიკერები კითხულობენ ხოლმე წინასწარ დაწერილ ტექსტს:

„დღეს ჩემზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა ძალადობა, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაუყოვნებლივ საჭიროებს ადეკვატურ და მიუკერძოებელ გამოძიებას. მოვუწოდებ ჩემს თავს და მეორე მხარეს, შეინარჩუნოს სიმშვიდე“.

ემოციისგან დაცლილ, გამომშრალ ფრაზებს, საგანთა უწესრიგობისთვის სიყალბის სამოსის შემოსვა ხელეწიფებათ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დისკრიმინაცია შესაძლოა ნორმალური არ არის, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების ენაზე მისი აღწერა შეუძლებელია. ჩვენ შევეჩვიეთ სხვისი ავადმყოფობით საკუთარის თანაგრძნობას, უარესზე დადარებას და ცვლილებების ათწლეულების მიღმა გადამისამართებას. ჩვენ შევეჩვიეთ ავიტანოთ, რომ სიძულვილში გაიზრდებიან თაობები, რადგან პროგრესი დროთა ცვლას გადაბარდა და ჩვენივე პასუხისმგებლობის ანესთეზირებით, უსულგულო იდიოტებად გვაქცია. შემგუებლებად, თვინიერებად და აქა-იქ მოფხაკუნე, უუნარო პრაგმატისტებად ქცეულებს, მხოლოდ თეთრი ხელთათმანით საკეთებელი საქმის კეთება მოგვწყურდა და თავისუფლების დაცვა გვეთაკილა. ბოროტებას ჰყავს ქომაგები, თავისუფლებას ვინ უქომაგებს?

დრო ბევრ რამეს ცვლის - მაგრამ ყოველთვის პროგრესისკენ არა. პაგანიზმია მისი რწმენა და უქმი ლოდინი. ჩვენ გვჭირდება სინდისი და გამბედაობა. გვჭირდება მოკავშირეები. ერთიანობა ფუნდამენტურში და ერთმანეთის ატანა მეორეხარისხოვანში.

სანამ ნაცემი იეჰოვას მოწმე, ძალადობის განმეორების საფრთხის შიშით, ეკრანზე გამოჩენას უფრთხის, სანამ დედა უარს ამბობს მოჰყვეს, როგორ იძალადა მის შვილზე ქართულის მასწავლებელმა, სანამ ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი მზად არის სახელმწიფოს გაურიგდეს მინიმალური უსაფრთხოების მოპოვებისა და თავისუფლების დათმობის ფასად, სანამ თქვენ ერიდებით მოხვიდეთ ამ ან სხვა გადაცემაში და მოჰყვეთ როგორ გელაპარაკებიან საპატრიარქოში, იქამდე არც ჩვენ გვექნება თავისუფლება და არც საქართველოს საპატრიარქოს.

იმ პირობებში, როცა ამერიკის საელჩოც კი, ზოგჯერ საქართველოს ხელისუფლებას უიოლებს, წინწყაროელ მუსლიმებს ქუაბავაზაკთა წესრჯულით გაურიგდეს და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდოს, უნდა დამარცხდეს ყოველგვარი ვნება, უცხოელმა მოგცეს შენი მოსაპოვებელი თავისუფლება. სანამ მავანი ვაშინგტონსა და ბრიუსელს ეიმედება, ბატონი ნორლანდი მშვიდად მიირთმევს სოფელ სნოში გამომცხვარ ხაჭაპურს აშშ-ის იდეისა და ვესტერნიზაციის მტრების მამამთავართან ერთად და ეს მნიშვნელოვან დიპლომატიურ ნაბიჯად მიაჩნია.

ჩვენ უკვე წავშალეთ ზღვარი ჟურნალისტიკასა და აქტივიზმს შორის და მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ არც ირანში ცხოვრება გვსურს, არც ძიძა სახელმწიფოს აღზრდას ვსაჭიროებთ და არც სიმშვიდის შენარჩუნება გვევალება. სასწორზე დევს ჩვენი ცხოვრება, რომლის საშუალო ხანგრძლივობაც 70 წელია და არავის აქვს ფუფუნება, ის მონობაში გალიოს.

კომენტარები