ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი კრიმინალთან გაგებით მოკიდებაზე: მოკლევადიან პერიოდს ვგულისხმობდი

ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებულ ფრაზაზე - "საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს" მოკლევადიან პერიოდს გულისხმობდა.

"ამ განცხადებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ მოკლევადიან პერიოდს ვგულისხმობდი", - თქვა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან საუბარში და აღნიშნა, რომ რუსთავი 2 იმ იდეოლოგიას ნერგავს, რაც სჭირდება ნაციონალურ მოძრაობას. მისი თქმით, ასე ხდება კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებითაც.

"შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის დროს როგორ ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება, ტირაჟირება. როგორ ამბობდნენ, რომ 2008 წლის ომი ჩვენ მოვიგეთ. ამას აკეთებდნენ ეს მედიასაშუალებები და იმ ადამიანების დიდი ნაწილი, თავს ექსპერტს რომ უწოდებს. გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში მიმდინარეობს საოცარი აღმშენებლობის პროცესი და მაშინდელი ლიდერი დავით აღმაშენებელს ედრებოდა. რეალურად, აღმშენებლობას რაც შეეხება, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი ბოლო ადგილზე ვიყავით ერთ სულ მოსახლეზე (მშპ-ის ოდენობით). სიცრუე მოდიოდა, ეს ხალხი (”ნაციონალები”) ამის სპეციალისტები არიან. თქვენ ზემოთ კითხვა დამისვით ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის ორ წელთან დაკავშირებით. შეგახსენებთ მათ (”ნაციონალების”) რეაქციას: პირველად ააგორეს - "აღმშენებლობის პროცესი შეაჩერეს და ქვეყანას დანგრევას უპირებენო". შემდეგი ეტაპი იყო, რომ თითქოს ქვეყანაში ეკონომიკური სტაგნაცია იყო. დღეს აცხადებენ, რომ თურმე ივანიშვილი მართავს ყველაფერს, ივანიშვილი იჭერს სააკაშვილს და ა.შ. ამას უპირველესად ევროპისა და ამერიკის გასაგონად ამბობენ, ქართველი ხალხი, უკაცრავად და, მათთვის რაღაც ბრბოა, რომლის მართვაც მარტივად შეიძლება. შემდგომ ატეხეს აჟიოტაჟი მთავრობაში გადაჭარბებული პრემიების გამოწერის თემაზე (რაც მართლა ცუდი იყო. არადა, ამ პრემიების ოდენობას ვერც შეადარებდი ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას გაფლანგულ თანხებს, თუნდაც იმ 16 მილიონს, რაც ერთ წელიწადში მარტო ლობიზმზე დახარჯა ბოკერიამ და დღეს ამ საქმეს პროკურატურა იძიებს, ან უგულავასა თუ მერაბიშვილის გაფლანგულ ფულს, რისთვისაც ისინი დღეს ციხეში არიან. თურმე პრემიები უფრო დამაქცეველი იყო იმ ელიტურ კორუფციაზე, რაც 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის მთავრობაში სუფევდა. მსგავსი ხდება კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რამდენიე კვირაა, ეს თემაა "აწეული", რომ თურმე საქართველოში კატასტროფა ხდება კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით. კი მაგრამ, სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! მოხდა მკვლელობები, ეს კატასტროფაა და ცუდია, თუმცა, ასეთი შემთხვევები მომავალშიც მოხდება (სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება). მკვლელობები ამერიკაშიც ხდება, საფრანგეთშიც, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც", - უთხრა ივანიშვილმა კვირის პალიტრას.

2012 წლის 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მასშტაბურ ამნისტიას გარკვეული დოზით კრიმინალის ზრდა მოჰყვებოდა და საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოკიდებოდა. 

"რა თქმა უნდა, ეს რაღაც ეტაპზე და გარკვეული დრო გაზრდის კრიმინალს. საზოგადოება ამას გაგებით უნდა მოეკიდოს და უნდა გავიჭირვოთ. იქ ძალიან ბევრი და უმრავლესობა იმსახურებს ამას, ვიღაცეები გამოგვეპარებიან, ვიღაცეებს უკან შებრუნება მოუწევს, ამისთვის სამართალდამცავი სტრუქტურები არსებობენ. მე მგონი, ეს ჯანსაღი პროცესია, ცივილიზებული პროცესია და საზოგადოებამ უნდა გადავიტანოთ ეს, რაღაც უხერხულობებს შექმნის ალბათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები