გაეროს გენერალური ასამბლეა

ზალკალიანი: გაეროში საქართველო ერთი დელეგაციით უნდა წარსდგეს

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, "თუ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ორი უმაღლესი დელეგაციით წარსდგება, ეს ძალიან სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის". დღევანდელ პრესკონფერენციაზე ზალკალიანს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს გაერო-სთან დაკავშირებით კომუნიკაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, "უელსის სამიტზე მსგავსი კომუნიკაცია სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკი იყო".

მისივე თქმით, "მიგვაჩნია, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი დელეგაციით. არ არის არცერთი პრეცედენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ორი უმაღლესი ლიდერი ყოფილიყო წარმოდგენილი. მთავრობამ იმსჯელა და რადგან ახალი კონსტიტუციით პრემიერი არის საგარეო ურთიერთობების აღმასრულებელი, გადაწყდა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დელეგაციას პრემიერმინისტრი უხელმძღვანელებს". 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ფუფუნება, ორი უმაღლესი დონის ლიდერი წარადგინოს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ერთ-ერთ მის შემადგენელ ღონისძიებაზე. მისი თქმით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ყოველ წელს თან ახლავს უამრავი პარალელური ღონისძიება და ერთ-ერთია კლიმატური ცვლილებების სამიტი.

"ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ ღონისძიებაზე, როგორიც არის გაერო-ს გენერალური ასამბლეა, უნდა იყოს ერთი დელეგაცია", - განაცხადა ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ დარჩენილ დროში გაგრძელდება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია და საკუთარ არგუმენტებს პრეზიდენტს პირადად საგარეო საქმეთა მინისტრი გააცნობს. 

მისივე თქმით, უელსის სამიტზე პრემიერმინისტრს პარალელურ ღონისძიებაზე პირადი მიწვევა ჰქონდა მიღებული, მაგრამ "გამომდინარე იქედან, რომ ეს არ გამხდარიყო ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი, პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ წავიდოდა ამ სამიტზე". 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი, გაერო-ში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრებაში "უხერხულობას" ვერ ხედავს. 
ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უელსში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამის შეკითხვაზე პასუხად განუცხადა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი აშშ-ში შედგება.

"შემდეგი ვიზიტი იგეგმება შეერთებულ შტატებში. მე მაქვს ვიზიტი, ასევე, თურქეთშიც, მაგრამ ჯერ - შეერთებულ შტატებში. მე ვერ ვხედავ ამაში უხერხულობას", - თქვა პრეზიდენტმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა 26 სექტემბრისთვის არის დაგეგმლი. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. 

კომენტარები