მიხეილ სააკაშვილის საქმე

პრემიერი: სუვერენული სახელმწიფო ვართ და გამჭვირვალე გამოძიება გვაქვს

„მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღესაც მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა და ბევრად საშინელი მდგომარეობა იქნებოდა. მინდა გითხრათ, რომ ის, რაც სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში ხდება, მე დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის მართლაც ავანტიურისტული პოლიტიკით და მისი ქმედებებით, პირველი ესკალაცია ჩვენს ქვეყანაში მოხდებოდა“, - უთხრა ბეშუმში საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ბევრს არ სჯეროდა, რომ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი წააგებდა, დამარცხდებოდა. პრემიერის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წამომადგენლები სამ არჩევნებში დამარცხდნენ.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც მრავალჯერ მითქვამს, ჩვენს სახელმწიფოს ყველამ პატივი უნდა სცეს. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება გვაქვს. საჭიროა, რომ ობიექტური გამოძიების საბოლოო შედეგებს ყველა დაველოდოთ. დაე, მართლმსაჯულებამ განსაჯოს, დამნაშავე ვინ არის და ვინ - არა“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გადაცემა განსხვავებული აქცენტებისთვის  მიცემულ ინტერვიუს, ღარიბაშვილი ამბობს, რომ „სააკაშვილის აბსოლუტურად დემაგოგიურ და ტყუილ განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს... მე არასერიოზული უნდა ვიყო, რომ სააკაშვილის დემაგოგიურ განცხადებებზე რაღაც განცხადებები გავაკეთო“.

კომენტარები