მიხეილ სააკაშვილის საქმე

უგულავა: ივანიშვილმა თავის იმპერატორს, ვლადიმირ პუტინს, ძღვენი მიართვა

Khatia Psuturi

თბილისის ყოფილი მერი მისთვის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის, მათ შორის, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალს ციხიდან ეხმაურება და აცხადებს, რომ "ივანიშვილის დაუოკებელი სურვილია სააკაშვილისთვის ნებისმიერ ფასად ბრალის წაყენება და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოპოვება, ხოლო ამის შემდეგ, მისი წითელ ცირკულარზე დასმა, რომ შეეზღუდოს საერთაშორისო აქტივობა". თბილისის ყოფილი მერის შეფასებით, პროკურატურის განცხადება პოლიტიკური მანიფესტია და ეს სკოლის მოსწავლეებსაც ესმით. გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ "სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა ივანიშვილის გარდა, ყველაზე მეტად მის დაუძინებელ მტერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გაუხარდება". თბილისის ყოფილი მერის შეფასებით, "შუა საუკუნებრივ სტილში ივანიშვილმა თავის იმპერატორს ძღვენი მიართვა".

როგორც გიგი უგულავა გავრცელებულ წერილში აღნიშნავს, "პროკურატურა აცნობიერებს, რომ ჩემსა და დავით კეზერაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდება ტელე იმედისა და რიყის ეპიზოდში სრული ფიასკოთი დამთავრდება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამჯერად პროკურატურის სამიზნე არც მე, არც კეზერაშვილი, არც მერაბიშვილი და არც ადეიშვილი არ არის". თბილისის ყოფილი მერის თქმით, ბრალდება იმდენად ზერელეა, მისი განხილვა საზოგადოების მოცდენა იქნება.

"უფრო მნიშვნელოვანია ის გეოპოლიტიკური თამაშები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ზურგს უკან აწარმოებს და განკარგავს ქვეყნის ბედს. ივანიშვილმა ხალხისგან ფარულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ პუტინსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის გავლებულ ხაზზე, პუტინის მხარე დაიჭიროს, მაშინ როცა ეს არ არის ქართველი ხალხის არჩევანი. მან ყველა დასაშვები წითელი ხაზი გადაკვეთა, დაუწყო ბრძოლა საკუთარ ხალხს და ქვეყნის ისტორიას. ეს ბრძოლა ძირშივე განწირულია მარცხისათვის, ხოლო ჩვენი ყველა პატრიოტული ძალის მიზანია ეს ყველაფერი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადავატანინოთ ქვეყანას", - ნათქვამია გიგი უგულავას წერილში, რომელიც თბილისის ყოფილმა მერმა Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბრალი გუშინ დაუსწრებლად წაუყენეს. გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს კი, ბრალდება საპატიმრო დაწესებულებებში წარუდგინეს. მთავარი პროკურატურის განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას". გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები