საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ მთავარი პროკურატურა განმარტებას აკეთებს.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, დაუსწრებლად, ადვოკატისთვის ბრალდების წარდგენის შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ანალოგიური პროცედურები განხორციელდება დავით კეზერაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართაც, რომლებიც ასევე თავს არიდებენ გამოძიებას.
რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს და გიორგი უგულავას, მათთვის ბრალდების წარდგენა მოხდება საპატიმრო დაწესებულებაში.
“ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს გაეგზავნება უწყება ბრალდების წარსადგენად გამოცხადების თაობაზე, მაგრამ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მის ოჯახს ეძლევა საშუალება ადვოკატის აყვანის, რომელსაც ჩაბარდება დადგენილება და ბრალდების წარდგენა მოხდება ადვოკატის მეშვეობით“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის განმარტებით, ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანიდან ბრალი წარდგენილი უნდა იქნეს 24 საათში. იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის მიგვეცა გონივრული ვადა სურვილის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადების და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისთვის, რაც აშკარად გართულდებოდა 24-საათიანი ვადის დაწესებით, სწორედ ამიტომ მისი დაბარება მოხდა რამდენიმე დღით ადრე მოწმის სტატუსით, რაც არ წარმოადგენს არც საპროცესო კოდექსის და არც მისი უფლებების დარღვევას.




