სამთავრობო ცვლილებები

ენმ: არ იქნება სიურპრიზი, თუ მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დავუჭერთ

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, "დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არაადეკვატური პრემიერმინისტრი გვყავს". მისი თქმით, სიურპრიზი არ იქნება, თუ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს არ დაუჭერს.

"მან ისევ ვერ გაიგო მოსახლეობის გზავნილი. მოსახლეობას აწუხებს სამუშაო ადგილების ნაკლებობა და ეკონომიკური პრობლემები. ამ დროს, ნოდარ ხადური ისევ ადგილზე რჩება. მოსახლეობას აწუხებს კრიმინალი და ალექსანდრე ჭიკაიძე ადგილზე დატოვა. გარემოს დაცვის მინისტრს შეცვლიან თუ არა, ეს არანაირი მესიჯი არ არის მოსახლეობისთვის. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ღარიბაშვილი არ იღებს და ყველაფერს წყვეტს ივანიშვილი, რომელიც დაპირებების შესრულებაზე ორიენტირებული არ არის. ცხადია, არ იქნება სიურპრიზი, თუ ამ მთავრობას მხარს არ დავუჭერთ", - განაცხადა ნადირაშვილმა.  

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი შეცვალა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად გადაიყვანეს. აგრეთვე, მინისტრთა კაბინეტში რჩება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. 

კანონმდებლობის მიხედვით, შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში მთავრობა პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას საჭიროებს. 

აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ცვლილებებს ჯერ კიდევ სამი თვის წინ უარყოფდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მას "6%-იანი ნაციონალური მოძრაობის აგორებულ ჭორებს" უწოდებდა. ღარიბაშვილმა 23 აპრილის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "არავითარი სამთავრობო ცვლილება, გადაადგილება და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება". ამასთან, თანამდებობის დატოვების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რომ "ღარიბაშვილის ადგილზე მე მომინდებოდა ზოგიერთი მინისტრის შეცვლა". მისივე თქმით, "4-5 მოღალატე მინისტრის თემა ჰაერიდან მოტანილი არ არის".

კომენტარები