დასაქმების ბაზარი

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერისას სტუდენტები დასაქმდებიან

yalt.crcna.org/

2014 წლის ნოემბერში განხორციელდება საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქსტატს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად აღმწერთა შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ უნივერსიტეტის სტუდენტებს.

როგორც განათლების მინისტრის მრჩეველმა, ოთარ აბესაძემ ტაბულას უთხრა, ამჟამად პროექტში ჩართვის მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო უმაღლეს სასწავლებლებთანაც.      

განათლების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებს გაუგზავნის კვოტებს  თითოეული ფაკულტეტიდან თუ რამდენმა სტუდენტმა უნდა მიიღოს პროექტში მონაწილეობა. უმაღლესი სასწავლებლები დამოუკიდებლად  შეარჩევენ სტუდენტებს აკადემიური მოსწრების მიხედვით და სიას განათლების სამინისტროს გაუგზავნიან. მინისტრის მრჩევლის თქმით ეს წარჩინებული სტუდენტებისათვის დამატებითი წახალისება იქნება.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 5-19 ნოემბრის მონაკვეთში გაიმართება, იქამდე კი ინტერვიუერებს ერთ კვირიან ტრენინგს საქსტატი ჩაუტარებს. სამუშაო სრულ განაკვეთიანი იქნება და თითოეულ ინტერვიუერს დაახლოებით ასი ოჯახის გამოკითხვა მოუწევს. პროექტში მონაწილე ყველა სტუდენტს მეცადინეობის გაცდენა საპატიოდ ჩაეთვლება. ოთარ აბესაძის თქმით, რეგიონებში სტუდენტების ანაზღაურება იქნება დაახლოებით 400 ლარი, ხოლო თბილისში - 500 ლარი.

მინისტრის მრჩეველმა განმარტა, რომ სტუდენტებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ უნივერსიტეტების სიებში მაინც შეეძლებათ პროექტში მონაწილეების მიღება, რადგანაც სახელმწიფო დასაქმების ვებ გვერდზე (hr.gov.ge) გამოცხადდება შესაბამისი ვაკანსიები. სტუდენტების გარდა, სხვა მსურველებსაც შეეძლებათ აღწერაში მონაწილობის მიღება და მიეცემათ ინტერვიუერად დასაქმების საშუალება.

საქსტატის დემოგრაფიული განყოფილების უფროსმა, პაატა შავიშვილმა ტაბულას ჟურნალისტთან საუბრისას თქვა, რომ განათლების სამინისტროსთან დადებული მემორანდუმი მათთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც სამინისტრო მათ კადრების მოძიებაში დაეხმარება. მოსახლეობის აღწერაში სულ 11 ათასამდე ინტერვიუერი იქნება ჩართული. საქსტატის მონაცემებით აღწერის ბიუჯეტი 13.3 მილონ ლარს შეადგენს, რისი უმეტესი  ნაწილიც სწორედ ინტერვიუერების ანაზღაურებას მოხმარდება.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ბოლოს 2002 წელს მოხდა.

კომენტარები