ISFED: უწყებათაშორისი კომისიის ცნობით, ენმ-ის აქტივისტები უკვე გაათავისუფლეს

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ცნობით, პოლიციამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაკავებული აქტივისტები ნუგზარ მკალავიშვილი და მერაბ გადაბაძე გაათავისუფლა. აღნიშნულ ინფორმაციას ISFED უწყებათაშორის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"კრწანისის #10 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიასთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა დააკავეს, მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ორი პიროვნება, ნუგზარ მკალავიშვილი და მერაბ გადაბაძე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ენმ-ის ინფორმაციით. ნუგზარ მკალავიშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხოლო მერაბ გადაბაძე კვლავაც დაკავებულია. პოლიციის განმარტებით, მერაბ გადაბაძე დააკავეს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებით, თუმცა თავად გადაბაძე ამ ფაქტს უარყოფს. დაკავებულის ოჯახის წევრები მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკონტაქტებიან და როგორც მათ პარტიის წარმომადგენლებს უთხრეს, სამართალდამცავები ემუქრებოდნენ სიტუაციის გართულებით, თუკი ისინი საჯაროდ გააკეთებდნენ კომენტარებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული დაკავება მოხდა პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით. სამართლიანმა არჩევნებმა აღნიშნული ფაქტის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა უწყებათაშორის კომისიას. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ორივე პიროვნება გათავისუფლებულია" - აცხადებს ISFED-ი.

ამასთან, ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა 19:00-ის მდგომარეობით, გადასატანი ყუთის მთლიანობის დარღვევის და ამომრჩეველთა სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერის ორ-ორი, ხოლო არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის, ხმის მიცემის ფარულობის და მარკირების გაკეთების პროცედურის დარღვევის თითო-თითო შემთხვევა დააფიქსირეს. ასევე, გამოავლინეს საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების ხუთი შემთხვევა მცხეთის #2, ხულოს #11, #23, ტყიბულის #30 და #32 საარჩევნო უბნებზე.

ამ დროისათვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა ექვსი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში 25 საჩივარი.

კომენტარები