ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, წინასწარ პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ და ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, "საქართველოს შავი ჭირი უდგას ივანიშვილის სახით. დღეს არის ჟამიანობა საქართველოში. მაგრამ ეს ჟამიანობა გადაივლის, როგორც ძალიან ბევრ უბედურებას გადაუვლია ამ ქვეყნისთვის". თბილისის ყოფილი მერის შეფასებით, არჩევნებზე აქტიურობა იქნება ყველაზე მტკიცე პასუხი "ხელისუფლების აღვირახსნილობაზე". უგულავას თქმით, "ვერანაირი სასამართლო პროცესებით, ვერანაირი დადგმული სპექტაკლებით ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ! ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ".
გარდა ამისა, გიგი უგულავა მხარდამჭერებს და განსაკუთრებით, სასამართლოსთან დაპირისპირების დროს დაკავებულებს მადლობას უხდის და სთხოვს, რომ მოერიდონ და თავს ნუ ჩაიგდებენ უხერხულობაში, "იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია".
"მე მინდა, ყველა თბილისელს თბილისში ვთხოვო, რომ ყველაზე მტკიცე პასუხი ამ ხელისუფლების აღვირახსნილობაზე იქნება აქტიურობა, მოსვლა არჩევნებზე და ოპოზიციის მხარდაჭერა: თბილისელებს თბილისში, თერჯოლელებს თერჯოლაში, ხონელებს ხონში, თელაველებს თელავში, ყვარელელებს ყვარელში, ბათუმელებს ბათუმში, ქობულეთელებს ქობულეთში და თუნდაც ყველა იმ რაიონში, სადაც ოპოზიციას სხვადასხვა პოზიცია უკავია. ეს იქნება ერთადერთი სწორი პასუხი იმ თავხედობაზე და აღვირახსნილობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. იაქტიურეთ, მეგობრებო" - წერს ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი Facebook-ზე.
გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რასაც სასამართლოსთან დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს, ცხრა ადამიანი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მათ შორის, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს და თბილისის ყოფილი მერი კოტე გაბაშვილი. სასამართლომ ბეჟაშვილის გარდა ყველა მათგანს 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გიგი უგულავას ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლომ გიგი უგულავას საჩივარი დაუშვებლად ცნო.




