საკვირაო ქადაგება

ცესკო პატრიარქის ქორეპისკოპოსს საარჩევნო აგიტაციაზე ახსნა-განმარტებას სთხოვს

www.cec.gov.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისია პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს. ცესკოს განცხადებით, ქორეპისკოპოსს წერილი შესაბამისი თხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათაშორისი კომისიის რეაგირების შემდეგ გაეგზავნა.

საქმე ეხება მეუფე იაკობის საკვირაო ქადაგებას, სადაც მან მრევლს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არ უნდა დაუშვან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გამარჯვება.

ცესკოს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიამ, ყველა ამგვარი შემთხვევის მსგავსად, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

„ქორეპისკოპოს იაკობის სახელზე გაგზავნილია წერილი, სადაც ეთხოვა, ხუთი დღის ვადაში, წერილობითი მოსაზრების წარმოდგენა. შესაბამისად, დაველოდებით ამ წერილზე პასუხს“, - თქვა აზარაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა (კონსტანტინე იაკობიშვილმა) საკვირაო ქადაგების დროს, კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი პოლიტიკური მოწოდებები გააკეთა. ორგანიზაციების განცხადებით, ქორეპისკოპოსი, საკვარაო ქადაგებისას, მრევლს მოუწოდებდა, აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და არ დაეშვათ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის გამარჯვება.

კომენტარები