საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გია ვოლსკის შეფასებით, "გიგი უგულავასთვის წაყენებული ბრალდება უმძიმესია და ეს დაკავშირებულია სქემებთან".
ვოლსკის განცხადებით, "დიდი ალბათობით უგულავამ იცოდა კიდეც, რომ ასეთი ბრალდებებით გამორიცხული იყო, არ დაეკავებინათ". დეპუტატის შეფასებით, "აქედან გამომდინარე, დაკავების წინ, გარკვეული აჟიოტაჟი შექმნა, რათა ეს პოლიტიკური სიბრტყეში გადაეტანა".
ცნობისთვის, გიგი უგულავა აეროპორტში დააკავეს და კიდევ ორი ახალი ბრალი წაუყენეს (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და მარნეულის ეპიზოდი). მას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რასაც სასამართლოსთან დაპირისპირება მოყვა. ინციდენტის დროს, პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა, მათ შორის, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და თბილისის ყოფილი მერი კოტე გაბაშვილი. ბეჟაშვილი სამ საათში გაათავისუფლეს. სხვა დაკავებულებს სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ბეჟაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.





