გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: ხელისუფლება დაპირებებს ვერ ასრულებს, კომპენსირებას კი, დევნით ცდილობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, "სწრაფად გაირკვა, რომ ხელისუფლებას არათუ არ შეუძლია საარჩევნო დაპირებების შესრულება, არამედ არანაირი უნარი, ხედვა, ან რწმენა და კომპეტენცია არ გააჩნია იმ პრობლემების მოგვარების, რისთვისაც ხალხი ხელისუფლებას ირჩევს". მისი შეფასებით, "სწორედ ამის კომპენსირებას ცდილობენ პოლიტიკური დევნით".

გიგა ბოკერიას თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის გიგი უგულავას დაჭერა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ამ ფორმით, ასეთი თავხედური ფორმით, სამართლებრივი ნორმების სრული უგულებელყოფით და ის ძალადობა, რომელიც ამას მოყვა შემდეგ, არის კიდევ უფრო ახალ ხარისხში აყვანა ამ პროცესის".

ცნობისთვის, გიგი უგულავა აეროპორტში დააკავეს და კიდევ ორი ახალი ბრალი წაუყენეს. მას აღკვეთის ღონისძიებად წიანსწარი პატიმრობა შეუფარდეს, რასაც სასამართლოსთან დაპირისპირება მოყვა. ინციდენტის დროს, პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა, მათ შორის, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და თბილისის ყოფილი მერი კოტე გაბაშვილი. ბეჟაშვილი სამ საათში გაათავისუფლეს. სხვა დაკავებულებს სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ბეჟაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.

კომენტარები