აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე

მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან მისალოცი წერილი აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას გაუგზავნა.

"ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის 238-ე წლისთავს. ვულოცავთ ამერიკელ ხალხს ამ დღესასწაულს და მადლობას ვუხდით საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაში შეტანილი განუსაზღვრელი წვლილისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის. იმედს გამოვთქვამ, რომ საერთო პრინციპებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც წარმატებით ვითარდება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება მომავალში.

ბატონო პრეზიდენტო, მსურს, მოგიწვიოთ საქართველოში ნებისმიერ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, რათა უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები. ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული და გისურვოთ თქვენ და ამერიკელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემის დადასტურება", - წერია მისალოც წერილში.

კომენტარები