ევროპელი ლიდერები საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ულოცავენ

დღეს, 27 ივნისს, ევროპელი ლიდერები ვიდეომიმართვებით ულოცავენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას.

”დღეს დიდებული დღეა საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის, რადგან ხელი მოეწერა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებს. მოლაპარაკებები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ბევრი ვიმუშავეთ ერთად ამ დღემდე მოსასვლელად”, - ამბობს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. ის ხაზს უსვამს, რომ ხელშეკრულება  ხსნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსთვის. ეს შესაძლებლობები კი, მისი თქმით, პოლიტიკის ჭკვიანურად წარმართვის შემთხვევაში საქართველოს მხრიდან, უფრო წინ წაიყვანს ქვეყანას ფორმალურად ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

”შვედეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს ამ პროცესს. ჩვენ ძალიან ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ ორიენტაციას. ეს არის ბედნიერი დღე როგორც საქართველოსთვის, ასევე შვედეთისთვის. გილოცავთ”, - ამბობს კარლ ბილდტი.

საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ულოცავს ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესიც.

”მოგესალმები, საქართველო, წვიმიანი ტალინიდან. ეს კარგი დღეა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც დღეს მოაწერეთ ხელი ევროკავშირთან, არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.

 ეს არის მრავალიდან პირველი ნაბიჯი, რთული გზა გელით, მაგრამ მჯერა, წარმატებით გაივლით არჩეულ გზას მის ლოგიკურ დასასრულამდე. იდექით მტკიცეთ და გააგრძელეთ ამ გზაზე სვლა”, - ამბობს ესტონეთის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები