საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ძალიან ინტენსიური მუშაობა მოუწევს პარლამენტის კომიტეტებს.
"ჩვენ ამ მოვლენაზე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ პარლამენტის კედლებში, ვინაიდან, დღეიდან, ხელმოწერის შემდეგ ეს დოკუმენტი გადმოეცემა პარლამენტს. ყველამ ვიცით, რომ მოგველის ძალიან შრომატევადი საქმე, იმისათვის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა საკითხი და დებულება სათანადოდ აისახოს საქართველოს კანონმდებლობაში. ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიური შრომა მოუწევს ყველა კომიტეტს და არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციის კომიტეტს და ამისთვის ჩვენ დიდი ხანია, ვემზადებით. ჩვენ ყველანი ერთად, კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გავაანალიზებთ ყველა იმ პროცესს და პროცედურას, რაც უნდა მოყვეს ამ დოკუმენტის ხელმოწერას და საქართველოს მიერთებას ევროკავშირთან, ჯერჯერობით ასოცირების რეჟიმში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უკვე გააფორმა.





