მერობისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტურისთვის, დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯება, აქედან 3 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. 2 537 000 ათასი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გააჩნია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის საკომპენსაციო რესურსს, რომელიც საარჩევნო სუბიექტებმა კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მიიღონ, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული თანხის მოცულობა ჯამურად 1 660 000 ლარს შეადგენს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შესაბამის დაფინანსებას თანხის მოცულობის დაზუსტების შემდეგ გამოყოფს.
დღეს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა განკარგულების პროექტი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას ითვალისწინებს.
"წინასწარი გაანგარიშებით, არჩევნების მეორე ტური დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაჯდება. 1 600 000 ლარზე მეტი ცესკო-ს ანგარიშზე ნაშთი დარჩა, რომელსაც ის გამოიყენებს. დამატებით ამ ეტაპზე გამოვყოფთ 3 მილიონ ლარს. არჩევნების დასრულების შემდეგ, როცა ზუსტი ინფორმაცია გვექნება, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ", - თქვა ხადურმა.
მერობის და გამგებლობის არჩევნების მეორე ტური რვა თვითმმართველ ქალაქსა და ცამეტ თვითმმართველ თემში ჩატარდება.





