რუსული ოკუპაცია

ვოლსკი: არც რუსეთია იმ პოზიციაში, ადვილად მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ანატოლი ბიბილოვის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მარიონეტული მთავრობა რუსეთთან შეერთების საკითხს რეფერენდუმზე დააყენებს, ახალი არ არის.

"ვფიქრობ, საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ოსური საზოგადოებაც საკმაოდ დაღლილი და დამცირებულია ამ საოკუპაციო სისტემით, ბევრი ხალხი იქ არ ცხოვრობს, მაგრამ ასე ადვილად ეს საქმე არ წყდება. არც რუსეთია იმ პოზიციაში, ასე ადვილად მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სხვა უამრავი პრობლემაა რეგიონში", - თქვა ვოლსკიმ.

როგორც ანატოლი ბიბილოვმა სააგენტო იტარ-ტასთან ინტერვიუში განაცხადა, "ჩვენ უარს არ ვამბობთ ძველ ლოზუნგებზე, ამ საკითხის მიმართ არანაირი ორმაგი მიდგომა არ იქნება. საკითხს რეფერენდუმზე გავიტანთ, მაგრამ ამით უკვე მთლიანად ფორმირებული, კონსოლიდირებული, მუშა პარლამენტი უნდა დაკავდეს".

ბიბილოვის განცხადება ცხინვალში ვლადიმირ პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის ყოფნას დაემთხვა. თუმცა, რუსული სააგენტო რია ნოვოსტის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთთან რუსეთთან შეერთების საკითხი მისი ვიზიტის დროს არ განხილულა.

კომენტარები