თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას შეფასებით, "ქართულმა საზოგადოებამ ნათლად დაანახა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ კოალიციას, რომ არ მოსწონს ქვეყნის განვითარების შეთავაზებული გზა". მისი განცხადებით, ცალსახაა, რომ თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქში ჩატარდება მეორე ტური.
"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეორე ტურის ძალიან მაღალი ალბათობაა დედაქალაქში და შეიძლება უკვე გადაჭრითაც ითქვას, რომ თბილისში ჩატარდება მეორე ტური. მეორე ტურის მაღალი ალბათობაა რუსთავში, თელავში, ბათუმში, გორში და მაღალი ალბათობით, ასევე შესაძლოა იყოს ქუთაისშიც. მთავარი ინდიკატორი და მთავარი გზავნილი საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ იყო ის, რომ უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა მთელ საქართველოში და განსაკუთრებით, თბილისში. შეუდარებლად დაბალი იყო აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით. აქტივობა წარმოუდგენელად დაბალი იყო საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით და წარმოუდგენლად დაბალი იყო წინა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით" - აცხადებს უგულავა.
მისი თქმით, ეს ძალიან ცალსახა გზავნილია იმისა, რომ მთავრობამ არსებითად უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა "და რაც მთავარია, დაანებოს თავი იმ ცინიკურ პოლიტიკას, რომ თითქოს ყველა დაპირება შესრულებულია, რომ ყველაფერი კარგად არის და მთავრობამ დაპირებებზე მეტი გააკეთა".
გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით, უცნობია ვითარება დანარჩენ 59 რაიონში.
"ჩვენ ველოდებით, რომ უმრავლეს რაიონში გამგებლობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა აქტივისტს, რომელმაც უამრავი ცილისწამების მიუხედავად აგრძნობინა მთავრობას, რომ საზოგადოება აღარ მოითმენს იმ ცინიზმს, რომელიც ივანიშვილის მთავრობის მხრიდან მოდის" - თქვა თბილისის ყოფილმა მერმა და ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
ორგანიზაცია GFK-ის ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ზუგდიდის და ქუთაისის გარდა, ხუთი ქალაქის მერობის და გამგებლობის კანდიდატებს შორის, მეორე ტური გაიმართება. GFK-ს წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა დაუკვეთა, ქართული ოცნება სწორედ ამ ქალაქებში ლიდერობს. ეგზიტპოლის 18:00-ის შედეგების მიხედვით, სხვა ქალაქებში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.
ტელეკომპანია იმედის დაკვეთით Act-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დავით ნარმანიას ხმა ამომრჩეველთა 51,2%-მა მისცა.





