პრემიერი: ვხსნით კანდიდატს, რომელსაც გამარჯვება გარანტირებული აქვს

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. მისი თქმით, მარნეულში მმართველი გუნდის კანდიდატს გამარჯვება გარანტირებული აქვს. პრემიერის განცხადებითვე, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ მარნეულის გამგებლობის კანდიდატს, ხოლო ყველა დანარჩენი კანდიდატი გააგრძელებს ბრძოლას "და ეჭვი არ გვეპარება, რომ მოვიპოვებთ ძალიან დიდ გამარჯვებას".

"ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მაგალითს, როდესაც მმართველი გუნდი ხსნის საკუთარ კანდიდატურას და მაშინ, როდესაც ამ კანდიდატს გამარჯვება პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. ჩვენ ამ ჟესტით ნაციონალურ მოძრაობას არ მივეცით ამ მეტად მნიშვნელოვან რაიონში სახიფათო თამაშის და პროვოკაციების წამოწყების საბაბი. ჩვენი გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ მაღალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მარნეულში პროვოკაციის მაღალი რისკი არსებობდა.  

ცნობისთვის, გუშინ კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და მარნეულში კოალიციის კანდიდატს მერაბ თოფჩიშვილს ურჩია, ორი აზერბაიჯანელი ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნას კანდიდატურა. პოლიტსაბჭოს განმარტებით, ეს გადაწყვეტილება კოალიციამ ეთნიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღო.  

თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, კოალიციის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი კანდიდატად მაინც რჩება. ცესკოს სპიკერის ეკა აზარაშვილის განმარტებით, კანდიდატურის მოხსნის ვადები ამოწურულია, ბიულეტენების ბეჭდვა დაწყებულია და ცვლილებები ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბიულეტენზე თოფჩიშვილის გვარი მაინც იქნება.

ამასთან, ქართული ოცნების მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს. როგორც თოფჩიშვილმა მარნეულში, საარჩევნო შტაბის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს. თოფჩიშვილი არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

აქვე შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს, მარნეულის საოლქო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს. 7 ივნისს, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. თუმცა, 10 ივნისს, საქალაქო სასამართლომ იმამკულიევი კანდიდატად აღადგინა.

კომენტარები