რომან შამათავას საქმე

გუნავა პრემიერის წინააღმდეგ საჩივარს დღეს შეიტანს

თენგიზ გუნავა
livepress.ge

ზუგდიდის რაიონში ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი თენგიზ გუნავა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უჩივის. მისი თქმით, ის ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში განცხადებას დღეს შეიტანს და პრემიერმინისტრის მიერ მის მიმართ გაკეთებული ბრალდებების თაობაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

"დღეს შემაქვს საჩივარი როგორც საოლქო პროკურატურაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქმე ეხება პრემიერმინისტრის განცხადებას, რომლის შემდეგაც ზუგდიდში ძალადობრივი პროცესები დაიწყო. ჯერ გაჭირვებული ოჯახი გამოიყენეს და შემდეგ "ოცნების" აქტივისტები ჩაერთნენ აქციებში. ამის გარშემო შედგა სარჩელი. პრემიერმინისტრმა პოლიტიკურად გამოიყენა ოჯახის ვითარება, წააქეზა და "ოცნების" აქტივისტები მოუსია ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისს. წინასაარჩევნოდ ჩვენი პარალიზება მოახდინეს. ხალხი დაუპირისპირეს ერთმანეთს. პრემიერმა უაპელაციოდ დამადანაშაულა ისე, რომ არც პროკურატურას და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ. ამის გამოძიებას ვითხოვ და უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც საჭიროა", - თქვა გუნავამ. მისივე თქმით, დიდი იმედი არ აქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეში თენგიზ გუნავაც ფიგურირებს, გამოძიების ოფიციალური ვერსიით კი, ამ საქმეში ერთადერთი ბრალდებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი რომან შამათავაა.

კომენტარები