სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერის დათო ცინდელიანის გაუჩინარების საქმეში აფხაზეთის კუდ-ის ყოფილ უფროსს, რომან შამათავას ბრალი განზრახ მკვლელობის და წამების მუხლებით (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით) დაუმძიმდა, - ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგების თანახმად, 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი კუდ-ის ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები, მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი სვანეთიდან ქალაქ თბილისში ჩამოეყვანა და გასაუბრებოდა.
"მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, თითქოსდა დათო ცინდელიანი აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობდა", - აღნიშნავს გიორგობიანი.
როგორც ნინო გიორგობიანი ამბობს, კუდ-ის მაღალჩინოსნისათვის ცნობილი იყო, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ქალაქ ქუთაისში იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს თანამშრომლების გაერთიანებული თათბირი ჰქონდა დანიშნული, სადაც სხვა თანამშრომლებთან ერთად დათო ცინდელიანიც იყო დაბარებული.
შსს-ს ინფორმაციით, "2008 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც მერსედესისა და ოპელის მარკის ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ, ქალაქ ქუთაისში, ნინოშვილისა და გრიშაშვილის ქუჩების კვეთასთან ნივის მარკის ავტომანქანას დახვდნენ, რომელშიც სხვა მეტყევე რეინჯერებთან ერთად დათო ცინდელიანი და მამამისი - ზაურ ცინდელიანი ისხდნენ. დათო ცინდელიანი მერსედესის მარკის ავტომანქანაში გადასვეს, ხოლო ქუთაისი-ბაღდათის საავტომობილო გზის მონაკვეთიდან დათო ცინდელიანი ავტომანქანა ტოიოტა ჰაილუქსით ბაღდათი-საირმის შემოვლითი გზით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით, ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, დათო ცინდელიანი ნაცვლად ქალაქ თბილისისა, ქალაქ ბათუმში ჩაიყვანეს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსს რომან შამათავას გადასცეს. რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან მიიყვანეს, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა".
ნინო გიორგობიანის თქმით, რომან შამათავას დავალებით, ზემოაღნიშნულ პირებს ნავმისადგომთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს კუთვნილი მოტორიანი ნავი ელოდებოდა, რომელსაც ამავე დანაყოფის თანამშრომელი მართავდა. გამოძიების ინფორმაციით, რომან შამათავამ დათო ცინდელიანი აღნიშნულ ნავში ჩასვა, თვალები აუხვია და ნავმისადგომზე მყოფ აფხაზეთის კუდ-ის ერთ-ერთ თანამშრომელს ნავიდან უბრძანა, მას გაჰყოლოდა, რომელმაც ბრძანება შეასრულა და შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე შევიდნენ.
"რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ რომან შამათავამ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო", - აღნიშნავს გიორგობიანი.
საქმეზე გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.
რომან შამათავას ანალოგიურ ეპიზოდში ბრალი 5 ივნისს დაუმძიმდა. მას ბრალად თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობა ედება.
რომან შამათავა ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე უკვე დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, 2008 წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნების დღეს, ხურჩაში ორი სამგზავრო ავტობუსი რომან შამათავას ორგანიზებით ააფეთქეს. მასალების მიხედვით, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობისთვის ზუგდიდში უნდა გადაეყვანა, ააფეთქეს. ამ ეპიზოდზე რომან შამათავას და მალხაზ მურღულიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




