ალასანია: მოძალადეები ისჯებიან და დაისჯებიან

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას, თქმით წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები უნდა გამოიძიოს უწყებათაშორისმა კომისიამ და ის ამბობს, რომ ეს ასეც იქნება. 

ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა გამოსვლისას, მან ასევე აღნიშნა, რომ მოძალადეები, რომელნიც არღვევენ კანონს ისჯებოდნენ და მომავალშიც დაისჯებიან. 

მოსახლეობის პოლარიზაციას ის წინასაარჩევნო ემოციურ ფონს მიაწერს და იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო პერიოდის დასრულების შემდეგ საზოგადოებაში ურთიერთგაგების ხარისხი აიწევს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსათვის სტაბილური და დაცული მომავლის შესაქმნელად. 

პოლიტიკოსებმა, როგორც პრეტენზიის მატარებლებმა, რომ პოლიტიკური კულტურა უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს, ამ მიმართულებით უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ - ამბობს ალასანია და ირწმუნება, რომ გამძაფრებული ემოციების ფონზე არსებული საზოგადოებრივი კონფლიქტი წინასაარჩევნო პერიოდით არის გამოწვეული და აუცილებლად გაერთიანდება საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, რადგან სხვაგვარად დასახული მიზნების მიღწევა შეუძლებელი იქნება. 

ალასანია თეორემაში ასევე ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტის ყველა შეხვედრაზე პრემიერი და კაბინეტის ყველა წევრი სრულ მზადყოფნას და პოლიტიკურ ნებას აცხადებს არჩევნების მაქსიმალურად დემოკრატიულ და დაცულ გარემოში ჩასატარებლად. მისი თქმით, მმართველი გუნდი წინასაარჩევნო გარემოში არსებულ ნაკლოვანებებს აღმოფხვრის. 

წამყვანის შეკითხვაზე, თუ რას მიაწერდა ის აშშ-ს საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ისინი მზარდ შეშფოთებას გამოთქვამენ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ალასანიამ თქვა, რომ ეს მეგობრული კრიტიკის ნაწილია, რაც ჯანსაღი არჩევნების ჩატარების ერთერთი წინაპირობაა. 

მინისტრმა ასევე თქვა, რომ ნატო-საქართველოს შეხვედრებზე წინასაარჩევნო კლიმატზე საუბარი არ ყოფილა. 

კომენტარები