რუსული ოკუპაცია

საგარეო უწყება: ცხინვალის ე.წ. არჩევნები საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას წარმოადგენს. ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს.

"2014 წლის 8 ივნისს, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარდა ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული უკანონო აქტი წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები საოკუპაციო რეჟიმების მიერ ყოველდღიურად ირღვევა. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა არ ეძლევათ. 2014 წლის 8 ივნისს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ცხინვალში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჯეროვნად შეაფასოს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ოსეთი ლიდერობს. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბელა პლიევას ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვის პარტიამ ხმათა უმრავლესობა - 44,11% დააგროვა. მეორე ადგილზეა ხალხის ერთობა, 16,43%-ით, ხოლო მესამეზე – სახალხო პარტია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 7,54%-მა მისცა ხმა. ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 31,08%. აღსანიშნავია, რომ ერთიანი ოსეთი თავის პროგრამა მაქსიმუმად რუსეთთან გაერთიანებას ასახელებს.

კომენტარები