ზუგდიდში ენმ-ის ოფისში მყოფებს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს

ზუგდიდში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ოფისში მყოფ პირებს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს, რასაც იგივე პასუხი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაკავებულია.

ზუგდიდში, ენმ-ის ოფისთან დილიდან აქციას მართავენ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ახლობლები და ოჯახის წევრები. აქციის მონაწილეებმა ოფისში შეჭრაც სცადეს, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ისინი მოითხოვენ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და თენგიზ გუნავამ უარი თქვან ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობაზე.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 16:00 საათზე ქართული ოცნების აქტივისტებმა პარტიის ზუგდიდის ოფისში სცადეს შეჭრა. ენმ-ის განცხადებით, აქტივისტებს "მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა.". მათ ოფისში შეჭრისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას.

ცნობისთვის, გუშინ რომან შამათავას ბრალი წარედგინა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობაში. ქარდავას ოჯახის წევრების განცხადებით, შესაძლოა, მკვლელობასთან თენგიზ გუნავასაც ჰქონდეს კავშირი.

კომენტარები