პრემიერი ჭიკაიძეს და ბადაშვილს: მარნეულში მომხდარის გამოძიება გააკონტროლეთ

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მოუწოდებს, მარნეულში გუშინ მომხდარი ფაქტის გამოძიება პირადად გააკონტროლონ. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობა საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლაში დაადანაშაულა. 

"მინდა გამოვეხმაურო იმ მართლაც აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელსაც გუშინ ადგილი ჰქონდა მარნეულში, კერძოდ, ვგულისხმობ საოლქო კომისიის თავმჯდომარეზე განხორციელებულ პირდაპირ ზეწოლას და შეტევას. მსგავსი ფაქტი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუშვებელია. ასეთი რამ ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების დროს, ყოფილი ხელისუფლების მიერ და მსგავს ფაქტებს ჩვენ არ დავუშვებთ. მე ვიცი, რომ გუშინ დაიწყო გამოძიება, მაგრამ მინდა მივმართო შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, პირადად გააკონტროლონ ამ საქმის გამოძიების ყველა დეტალი და ყველა პირი კანონის შესაბამისად დაისაჯოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელოვნურად ცდილობს საარჩევნო კამპანიაში არეულობის შეტანას. 

"ის ფაქტი, რომ ეს ხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რამდენიმე კვირით ადრე, მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალა - და ვგულისხმობ უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობას - ცდილობს გარკვეულ პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი და საარჩევნო კამპანიაში დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს", - თქვა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გუშინ საღამოს განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მარნეულში ჩავიდნენ, სადაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის განცხადებაში შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა „გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებას" ცდილობდა. ცესკო ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოუწოდებს „არ განახორციელონ ისეთი სახის ქმედება, რომელიც შეიცავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ნიშნებს და იმოქმედონ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში, კანონმდებლობის შესაბამისად".

 

კომენტარები