ფანჯიკიძე: ობამას ნათქვამი არის გზავნილი, რასაც ექნება კონკრეტული შედეგი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიესალმება აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებას, ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავსირებით. მისი თქმით, დეტალებზე ჯერ საუბარი ნაადრევია, ვინაიდან ამ თემაზე კონკრეტული დიალოგი დაწყებული არ არის.

"ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. აშშ-ის პრეზიდენტი არის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მისი განცხადება იმის თაობაზე, რომ ერთი მილიარდი დოლარი გამოეყოფა უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად და იქ არის ლაპარაკი საქართველოზე, არის ძალიან კონკრეტული გზავნილი, რომელსაც ექნება კონკრეტული შედეგი. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით დეტალებზე საუბარი ადრეა, რადგან ჩვენ ჯერ ამ თემაზე კონკრეტული დიალოგი არ გვაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ძალიან კონკრეტული განცხადება კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. ჩვენ მივესალმებით ყველაფერს, რაც გააძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძის თქმით, საქართველოს უსაფრთხოება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ მთელი რეგიონის საერთო ინტერესებშია. "აქედან გამომდინარე, ყველა უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საქართველო იყოს მშვიდი, სტაბილური ქვეყანა. ამით მხოლოდ მოიგებენ ჩვენი მეზობლები", - თქვა ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ეს დახმარება საქართველომ MAP-ის სანაცვლოდ მიიღოს და აცხადებს, რომ არაფერი არაფრის სანაცვლოდ არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესს წინადადებით მიმართავს, მილიარდი დოლარი გამოყოს აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედროების განთავსებისთვის. BBC-ს ინფორმაციით, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთში ჩასვლისას, აეროპორტში პოლონეთის პრეზიდენტ, ბრონისლავ კომაროვსკისთან შეხვედრისას განაცხადა, ამერიკის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წმინდა მოვალეობაა.

"ჩვენი ვალდებულება პოლონეთის და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელი სხვა მოკავშირეების მიმართ ჩვენივე უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ამიტომ წმინდაა", - აღნიშნა ობამამ.

კომენტარები