საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს საარჩევნო სუბიექტებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, რასაც არასამთავრობოების მტკიცებით, შესაძლოა კანდიდატურების მოხსნაც მოჰყვა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიაში ეს თემა ინიცირებული იყო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ და არ ყოფილა გამყარებული ფაქტებით.
ქართულ ოცნებას გააზრებული აქვს, რომ მისი ელექტორატის რაოდენობა ბევრად აღემატება ოპონენტთა ელექტორატის საერთო რაოდენობას და ჩვენი მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი ისევ ჩვენ დაგვაზარალებს - ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია აცხადებს, რომ მათი ამოცანაა არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებაც აღიარებს.
კოალიცია მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გამოვიდნენ იმ მოქმედი ნორმის შეცვლის ინიციატივით, რომელიც პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესიდან მთელი სიის მოხსნას ითვალისწინებს.
"გვჯერა, მედიაში გასული ყველა ინფორმაციას შეისწავლიან და შეაფასებენ სათანადო უწყებები და ამ ინიციატივასთან ერთად საბოლოოდ დასრულდება საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ ყოვლად უსაფუძვლო მითქმა-მოთქმა." - აცხადებს ქართული ოცნება.





