ეტატიზმი

წინ (უკან) ეტატიზმისკენ

ჩვენ გვინდა საზოგადოება, რომელშიც ხალხი თავისუფალია გააკეთოს არჩევანი, დაუშვას შეცდომები, იყოს გულუხვი და თანამგრძნობი. ეს არის, რასაც ვგულისხმობთ მორალურ საზოგადოებაში და არა საზოგადოება, სადაც სახელმწიფო ყველაფერზეა პასუხისმგებელი და არავინაა პასუხისმგებელი სახელმწიფოზე.
მარგარეტ თეტჩერი

ეტატიზმი (ფრანგულად etatism, ინგლისურად statism) Merriam Webster-ის ლექსიკონის მიხედვით ეკონომიკური კონტროლისა და დაგეგმვის კონცენტრაციას ეწოდება ძალიან ცენტრალიზებული მთავრობის ხელში.

რაც მეტ ძალაუფლებას, ფუნქციებს და მექანიზმებს ფლობს მთავრობა, მით უფრო ეტატისტურია მისი პოლიტიკა, მით უფრო შეზღუდულია პიროვნება და ემორჩილება მთავრობას. და პირიქით, თუ მთავრობას ძალიან მცირე ფუნქციები აქვს, ასეთ ქვეყანაში ადამიანები თავისუფლად ცხოვრობენ, მოქმედებენ, სწავლობენ, მუშაობენ.

ამის ილუსტრაციისთვის გამოდგება ყველაზე ცნობილი იდეოლოგიური ტესტი, რომელიც ამერიკელ ლიბერტარიანელთა საიტზე ჯერ კიდევ წინა საუკუნის ბოლოს განთავსდა (www.theadvocates.org):

ამ ტესტის ქართული/გაქართულებული ვერსია ასე გამოიყურება:

კვადრატის მარცხენა ქვედა წიბოზე გადაზომილია ადამიანის პირადი თავისუფლებები, ხოლო მარჯვენაზე ეკონომიკური თავისუფლებები. შესაბამისად, ამ ტესტის გავლისას, რაც მეტ კითხვაზე გასცემ დადებით პასუხს მხოლოდ პიროვნულ თავისუფლებებში, მით მემარცხენე იქნები, ხოლო მეტი დადებითი პასუხი ეკონომიკურ თავისუფლებებში უფრო მემარჯვენე იდეოლოგიის მომხრეობას მიუთითებს. ვინც ყველა ან უმეტეს კითხვას დადებითად უპასუხებს, იგი ლიბერტარიანელია, ხოლო ამის საპირისპიროდ, ვინც უმრავლესობა კითხვას უარყოფითად უპასუხებს – იგი ეტატისტია.

პოლიტიკური იდეოლოგიების კუთხით რომ დავაზუსტოთ: ზემოთ მოყვანილი კვადრატის მარცხენა კუთხეში მოხვდებიან მემარცხენე პარტიების მხარდამჭერი პარტიები – სოციალისტები, სოციალ-დემოკრატები, ლეიბორისტები და ა.შ. მარჯვენა კუთხეში – კონსერვატიული პარტიები, როგორც კონსერვატიული პარტია ბრიტანეთში, რესპუბლიკური აშშ-ში; ზემოთ კუთხეში – ლიბერტარიანული პარტიები, მაგალითად, ამერიკული ლიბერტარიანული პარტია და ე.წ. ჩაის პარტია (Tea Party). ქვედა კუთხეში ხვდებიან ყოველგვარი ულტრამემარცხენეები, როგორიც იყვნენ ნაცისტები გერმანიაში, ფაშისტები იტალიაში, კომუნისტები საბჭოთა კავშირში და ა.შ.

მკითხველს საშუალება აქვს თვითონაც განსაზღვროს, საით უბერავს მთავრობის პოლიტიკის ნიავი. იმის გამოსაცდელად, თუ რომელ პოლიტიკურ იდეოლოგიას მიეკუთვნება მისი მოსაზრებები, იგი მზად უნდა იყოს სერიოზული ფილოსოფიური გააზრებისთვის. მაგალითად, ისეთ სფეროში, როგორიცაა ტელეფონის მოსმენები. ამ თითქოს მარტივი კითხვის საპასუხოდ საჭიროა გავერკვეთ – სად გადის უსაფრთხოებისა და პირადი ინფორმაციის დაცვის აუცილებლობის საზღვარი. როგორც წესი, ეს საკითხი (აბორტის აკრძალვასთან ერთად), ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის.

არის ბევრი ნიშანი, რომ ჩვენი მთავრობა, სამწუხაროდ, სწორედ ქვედა კუთხისკენ მიისწრაფის, ყოველ შემთხვევაში, მარჯვნიდან მაინც. ამის დასადასტურებლად ქვემოთ ჩამოვთვლი მის ზოგიერთ ეტატისტურ იდეას და მოქმედებას:

– ჯანდაცვის საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევა და, განსაკუთრებით, ფონდების შექმნა – ადამიანებს აძალებენ მონოპოლისტ მთავრობას მიაბარონ ფული და ამით მასზე მუდმივად დამოკიდებული გახდნენ.

ალტერნატიული გამოსავალი ადვილია – მთავრობამ გადასახადები თუნდაც იმ დოზით შეამციროს, რომელსაც ახლა ჯანდაცვის ხარჯებზე უშვებს. ინდივიდები, რომლებიც საკუთარ ხელში აღმოაჩენენ რესურსებს, თვითონ, საკუთარი კონტროლით დახარჯავენ ამ ფულს, საკუთარი პასუხისმგებლობით აირჩევენ ექიმებს და კლინიკებს. ნებისმიერი მცდელობა წამლების სახელმწიფო კონტროლის შემოღებისა შექმნის ჩრდილოვან ბაზარს, ლობიზმს, მონოპოლიზმს, კორუფციას და სიძვირეს (მახსოვს, ბევრი პოლიტიკოსისთვის პირადად მაქვს ახსნილი აქ არსებული რისკები).

ახლახან ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური სექტორი ამოიღო მიზანში. პირდაპირ და დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ ამ სფეროში ნაკლები რეგულირებაა და მთავრობამ ეს ჩათვალა სასწრაფოდ „გამოსასწორებლად". მაგალითად, სტომატოლოგიურ კლინიკებს დაევალათ, რომ მათი კაბინეტი ერთ მომსახურე პაციენტზე 14 კვ. მეტრი მაინც იყოს ზომით, ხოლო შესასვლელებში შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების ეტლებისთვის პანდუსები გააკეთონ.

ასეთი ბრიყვული რეგულირებების შემოღება არახალია. მაგალითად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ასევე ევალებათ სათანადო ფართი და კალკულატორი. თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემა კიდევ უფრო მარტივია. ნებისმიერი პაციენტი, როგორი დაბალიც უნდა იყოს მისი შემოსავლები, ისურვებდა უკეთეს კლინიკაში მოემსახურონ, სუფთა და ლამაზ ოფისში, ალბათ ურჩევნია მეტი ფართიც იყოს. პანდუსებს რაც შეეხება, ჩვენს მოფაშისტო ბიუროკრატებს უნდა ვუთხრა, რომ არცერთ სტომატოლოგიურ კლინიკას არ სჭირდება პაციენტების დაკარგვა ამ მარტივი მიზეზის – პანდუსის არარსებობის გამო, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანები თქვენი ბიუროკრატიული მხარდაჭერის გარეშეც ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს.

მთავრობის ზოგ წევრს შესაძლებელია მართლა სჯერა, რომ ძალიან კეთილშობილი საქმე წამოიწყო, როდესაც საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევა დააფინანსა (ბევრი ალბათ დამცინებს ამ გულუბრყვილობაზე). მათ გასაგონად ვიტყვი – ეს გადაწყვეტილება არის დანაშაული, განსაკუთრებით, მომავალი თაობების წინაშე. წარმოუდგენელია, მომავალში ვინმემ ასეთი გამბედაობა გამოიჩინოს, რომ ის გააუქმოს, მიუხედავად იმისა, ხვდება თუ არა საყოველთაობის დაუფარავ ტოტალიტარულ ხასიათს (სიტყვა ტოტალიტარული სწორედ საყოველთაო, სრულად მოცულ მართვას ნიშნავს), ან გაეხვია თუ არა ქვეყანა ვალებში.

გულუბრყვილო გაჭირვებულ ადამიანებს კი მთავრობამ კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ ჩაშლილი სახელმწიფო დაკვეთების და გაფლანგული ფინანსური რესურსების შესახებ ზღაპრები მოუყვა.

– ზუსტად ასეთივე ეტატისტური იყო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, საკუთარი კონტროლის ქვეშ მოექცია სახელმძღვანელოების ბეჭდვა. ეს ნაბიჯი იმავე გულუბრყვილო ადამიანებს ისევ კერძო კომპანიების მიერ წიგნების გაძვირებით და მოსახლეობის დახმარების მნიშვნელობით აუხსნეს. სინამდვილეში (გინდა თუ არ გინდა, ადრე თუ გვიან), ეს აუცილებლად მივა საგანმანათლებლო პროცესის მაქსიმალურ კონტროლამდე. აქ არ მოვყვები სხვადასხვა ჭორებს, რომელიც მრავლად გავრცელდა.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მხოლოდ პოპულისტურ ვნებებს ემსახურებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში „უფასო" სექტორის გაფართოება. ეს „უფასო ყველი სათაგურში" ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანას, შრომითი რესურსების კონკურენტუნარიანობას კიდევ დიდხანს ვერ მივაღწევთ, რაც თავის მხრივ ინვესტიციებსაც დააფრთხობს.

– შრომის კოდექსის ცვლილებები, რომლითაც დამქირავებელი – შრომის შემსყიდველი, შეიზღუდა იყიდოს ის შრომა, რომელიც უფრო გამოადგება. ყოველგვარი პროპაგანდა, რომ ადრე საკუთრება არ იყო კარგად დაცული და ახლა უკეთესადაა, შრომის კოდექსს (მაგალითად) პირდაპირ ეჯახება – მესაკუთრეს უკრძალავენ, საკუთარი რესურსი იმაზე დახარჯოს, რაზეც უნდა. (ევროკავშირს თუ შეედრებიან, კარგ არგუმენტს გააჩენენ – ფაქტია, რომ იქ უმუშევრობა უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც შრომა უფრო დარეგულირებულია.)

– სურსათის უვნებლობა – ამ სფეროში სახელმწიფო კონტროლი აუქმებს ადამიანების უფლებას და არჩევანს, ანაცვლებს მას ბიუროკრატის მონოპოლიური უფლებებით და პასუხისმგებლობით, ვისაც არ აქვს არანაირი მოტივაცია, რომ ეს საქმე – უვნებლობის კონტროლი – კარგად გააკეთოს. არანაირი საფუძველი და გამოცდილება არ არსებობს, რომ ბიუროკრატიას ასე ვენდოთ. მით უმეტეს, არჩევანი შეზღუდული ხდება და, შესაბამისად, კერძო საკუთრების გამოყენებაც. მთავრობის ჩარევით შემოწმებული სურსათი უსაფრთხოების ილუზიას შექმნის და გააუქმებს ადამიანების მოტივაციას პირადად, საკუთარი პასუხისმგებლობით გადაამოწმოს ხარისხი, რაც არანაკლებ ხიფათს შექმნის, ვიდრე სახელმწიფოსგან შეუმოწმებელი საკვები.

– ეკონომიკის დაცვის ღონისძიებები – ცნობილი პროტექციონიზმის პოლიტიკის სახელით. ეს გარყვნილება განკუთვნილია გარკვეული ბიზნესების დასაცავად საქართველოს მომხმარებლების ინტერესების საწინააღმდეგოდ. სიტუაცია აქ კიდევ უფრო მარტივია – ნებისმიერი საბაჟო გადასახადი, რომელიც იმპორტირებულ პროდუქციაზე უნდა დაწესდეს, მომხმარებლების გადასახდელი იქნება. ღია საზღვრების კონკურენციის გარეშე ქართველ მწარმოებლებს არასდროს ექნებათ იმაზე დაბალი ფასები, ვიდრე იმპორტირებულ საქონელზეა.

– ემიგრაციის კანონების გართულება, რომელიც საქართველოს არამეგობრულ ქვეყნად აქცევს. ალბათ ღირს გამოქვეყნდეს ინფორმაცია, ვის აქვს ყველაზე რთული საემიგრაციო კანონმდებლობა მსოფლიოში – ყველაზე ავტორიტარულ სახელმწიფოებს. შეზღუდვა ბევრ დასავლურ ქვეყანასაც აქვს, თუმცა, მაგალითად, ევროკავშირის შექმნის მთავარი იდეა ასეთი შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობდა და ახლა ათობით სხვა ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა. ჩვენ კი, დაუსაბუთებელი შიშებით და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო, ხელი არ უნდა შევუშალოთ, პირიქით – უნდა ვიმეგობროთ იმ ხალხთან, ვისი შვილებიც აქ ჩამოდიან სწავლისა და მუშაობისთვის. რუსეთში პოპულარული ლეგენდა, რომ საქართველოს მოქალაქეები იქიდან ეხმარებიან საქართველოს, არ ითვალისწინებს ერთ ფაქტს – ქართველები რუსეთში დოვლათს ქმნიან და მის მხოლოდ მცირე ნაწილს აგზავნიან აქეთ, ასევე, საქართველოში მომუშავე უცხოელები ჩვენ გვეხმარებიან, პირველ რიგში, დოვლათის შექმნაში.

– მიწაზე უცხოელების საკუთრების შეზღუდვა – წარმოიდგინე, მკითხველო, შენც ასე რომ მოგექცნენ უცხოეთში, რატომ უნდა გვენდოს ვინმე, თუ ჩვენ მათ ასე მოვექცევით? ასეთი პროპაგანდის მეთოდები და შეზღუდვები უცხოელების მიერ მიწის საკუთრების უფლებაზე ხშირია ტოტალიტარულ ქვეყნებში.

ბოლოდროინდელი მარგალიტები ასეთია: პრემიერმინისტრს დაქვემდებარებული კონკურენციის სააგენტო გამოძიების ფუნქციებით, მასვე გადმოქვემდებარებული ფინანსური მონიტორინგის სამსახური, სახელმწიფო ბანკის შექმნის მცდელობა, სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო ფონდის შექმნა... კარგია, რომ ყველა კანონს არ ვკითხულობთ, რომ უფრო მეტად არ შეგვეშინდეს. გარდა იდეოლოგიური პრობლემებისა და სახელმწიფო კონტროლის ზრდის აშკარა ტენდენციისა, რომელიც აქ პირდაპირ ჩანს, არის კიდევ მრავალი სხვა საკითხიც, რომელზეც არაერთხელ გამახვილებულა ყურადღება. ასეთი რეგულირების ინსტიტუტები მოითხოვენ ზედმიწევნით კარგად მომუშავე დემოკრატიას, ღიაობას და გამჭვირვალობას, ხალხის ნებას, პირად პასუხისმგებლობაზე აიყვანოს მთავრობის საქმიანობა.

რეგულირება არსებობს ან საბაზრო – სადაც მრავალი მილიონი მომხმარებელი ყოველდღიურად აკეთებს არჩევანს და მიმწოდებლებს საუკეთესო პრაქტიკისკენ მიმართავს, ან სახელმწიფო, რომელშიც აუცილებლად იდეალური მორალური თვისებების და უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანები უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს მრავალი მილიონი ადამიანის ნაცვლად. აბა, თქვას, ვინ ვერ ხვდება, რომ ეს სახიფათოა.

კითხვა თავისთავად იბადება – საით მივდივართ? რატომ ცდილობს ხელისუფლება გააკონტროლოს ჩვენი ცხოვრება? ამას ჰქვია სამართლიანობის აღდგენა? ვისთვის? მათი ძალაუფლების ზრდისთვის? მკითველმა უნდა იცოდეს, რომ ტოტალიტარიზმი სწორედ აქედან იწყება, როდესაც მთავრობა ყოვლისმომცველი და ყველაფრის მაკონტროლებელი ხდება ჩვენი პირადი უპასუხისმგებლობის გამო. კაცობრიობის ისტორიაში კარგად თუ ჩავიხედავთ, სამართლიანობის აღდგენის იდეაც უფრო ხშირად სწორედ ტოტალიტარული კონტროლის მცდელობით თავდებოდა. ამით ვერავის გააკვირვებ.

მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეს ჩაიშლება, რადგან ამისთვის ეკონომიკური რესურსი არ გვეყოფა, ან საერთაშორისო ინსტიტუტები გაგვკიცხავენ (მაგალითად, პროტექციონიზმზე). ასეთ ტოტალიტარულ ინსტიტუტებს მომავალი რომ არ აქვს, ყველა განვითარებული ქვეყნის მთავრობაში იციან, უბრალოდ, მათ მიერ შექმნილი ეკონომიკური ვალდებულებები უკვე იმდენად დიდია, რომ პოლიტიკურად ძალიან წაგებიანია მათზე უარის თქმა. ჩვენ, სამწუხაროდ, დიდი სიჩქარით მივექანებით ამ მორევისკენ, რომელიც გვპირდება, რომ ეკონომიკური სტაგნაცია მუდმივად გაგრძელდება, იმ დროს, როდესაც შანსი გვქონდა ყველაზე თავისუფალი ქვეყანაც გავმხდარიყავით და საინვესტიციოდ საინტერესოც, რადგან სახელმწიფოს ფუნქციები და ვალდებულებები სანდო ჩარჩოებში იქნებოდა.

დაბოლოს. არ მგონია, რომ ხელისუფლებაში ყველა ეტატიზმზე ოცნებობს. მათ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ საკმაო ინფორმაცია, ცოდნა და გამოცდილება, შედეგები განჭვრიტონ, ხშირად პოლიტიკური კონკურენცია აიძულებთ მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბიან. თუმცა აქ ერთ მძიმე შეცდომასთან გვაქვს საქმე. თუნდაც რომ დავიჯეროთ, რომ მთავრობაში საუკეთესო ხალხი გვყავს და ამ ეტატისტურ პოლიტიკას წმინდა ტოტალიტარიზმში არ გადაიყვანენ – ისინი მუდმივად არ იქნებიან ხელისუფლებაში და მათ მიერ დატოვებული არასწორი ინსტიტუტები შესაძლებელია უარეს ხელში აღმოჩნდეს.

დათმობები, რომელიც ხდება ჩვენი პიროვნული თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, ვერ გამართლდება მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებლით, მათ მივყავართ ამორალურ სისტემამდე, რომელშიც ადამიანი ეჩვევა სხვის ხარჯზე პარაზიტულ ცხოვრებას და მთლიანად დამოკიდებული ხდება მთავრობაზე.

„იშვიათად ხდება, რომ ყველა
თავისუფლება ერთად დაიკარგოს".
დეივიდ ჰიუმი

კომენტარები