გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავა თბილისის მერად დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიგი უგულავა თბილისის მერად დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. როგორც უგულავამ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ადვოკატები შუამდგომლობით შევლენ თბილისის საქალაქო სასამართლოში და იმედი მაქვს, სასამართლო ამჯერად მაინც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას". როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, თანამდებობაზე ორი კვირით აღდგენა თვითმიზანი არ არის, მაგრამ საუბარია პრინციპზე.

"ის რაც არ გეკუთვნის, ის რაც უკანონოა, უზნეოა, მთავრობამ არ უნდა ჩაიდინოს, ანდა ქვეყანაში უნდა არსებობდეს ის ინსტიტუტები, განსაკუთრებით სასამართლო, რომელიც ამ უზნეობის ჩადენას არ შეარჩენს", - თქვა ენმ-ის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა მერი და გამგებელი მთავრობისგან დაცული იქნება.

"საკონსტიტიუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საქართველოში თვითმმართველობის განვითარებისთვის. 15 ივნისიდან საქართველო ირჩევს ახალ მერებს და გამგებლებს. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ წერტილი დაუსვა იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც გამოიყენა ამ მთავრობამ, პროკურატურამ. დღეიდან მერების და გამგებლების არჩევას ექნება აზრი. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ახალი თვითმმართველობის კოდექსი მიიღო, შავი ხვრელი იყო დატოვებული და ნებისმიერ დროს, თუ მთავრობას არ მოეწონებოდა ხალხის არჩეული მერი, შეეძლო ასეთივე პარტიზანული მეთოდებით გადაეყენებინა და დროებით თანამდებობიდან მაინც ჩამოეცილებინა", - აღნიშნა გიგი უგულავამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მერის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას სარჩელი დღეს დააკმაყოფილა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს "ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას". სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება, რომელიც უშვებს ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზეპირი მოსმენის გარეშე.

გიგი უგულავას მერის უფლებამოსილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დალი მეტრეველმა 2013 წლის 22 დეკემბერს, გვიან ღამით, ზეპირი მოსმენის გარეშე შეუჩერა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც.

აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერება და პატიმრობა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ უგულავას მხოლოდ უფლებამოსილება შეუჩერა და გირაო, 50 000 ლარი დააკისრა.

თბილისის მერს 2013 წლის 18 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი ა(ა)იპ "თბილისის განვითარების ფონდისთვის" გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე.

გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები